ღამე იყო ისეთი..


ღამე იყო ისეთი, ტანზე ტკივილიანზე
  ვარსკვლავები მაყრიდა როგორც შიშის პარტახტი,
 წამით დაიგვიანე, განა ისე დიდი ხნით, 
წამით დაიგვიანე 
და ცოცხალი არ დაგხვდი.
 გზაზე წვიმის გუბეში იწვნენ ჩრდილნი ხეების,
 უკუნეთის უღრანში ეგდო ქალის კივილი. 
მე კი, ყურძენს მოვგავდი საწნახელში ჩაჭყლეტილს,
 რომლისგანაც დაწურეს ღვინისფერი ტკივილი.
 ისევ სტრატოსფეროში შემცირება ოზონის, 
კანზე ჭირი მაჩნდება, ვკვდები.. 
ვწევარ გულაღმა. 
ვეღარ ვსუნთქავ ამ ჰაერს ყორნის ფრთებით მოზელილს, 
საუკუნე გასულა, რაც არა ვარ უნაღვლო. 
გათენდა, თუ რძესავით წამოდუღდა სინათლე ?
 ყველაფერი განქარდა... ჩაინავლა რა ფუჭად,
 არაფერი ვინატრე, ყველაფერი მომბეზრდა,
 დილით- თვალის გახელა, ღამით- თვალის დახუჭვა...
 იქნებ, მხატვრის ტილოა ჩემი სულიც საბრალო,
 რომელზედაც დახატა ხელოვნებამ მოწყენა.
 თითქოს, ტყეში შევდივარ, ფიქრებს ისე ვამრავლებ, 
ჩემი კვერი გვიანაც მენდე არ გამოცხვება.
 კუბოების მტვრევის ხმას მოჰგავს წვიმის ხმაური
 და არეულ ოთახში სულიც არეულია,
 ირგვლივ მძლავრად გამეფდა მხოლოდ აურზაური, 
მთვარეც ძილში დაცურავს, 
მთვარეც მთვარეულია.
 იქნებ, ღმერთმა ოდესღაც წმინდა ხელი გაიჭრა 
და იმისი სისხლისგან ავყვავილდი ადამი.
 ყველაფერი ამაო- ა და არის საეჭვო, 
კაკლის ხეზე შეფრინდა უდარდელად ქათამი. 
მე ვნატრულობ ფრინველთა მსუბუქ უდარდელობას... 
ვერა ვწერ- თქო, ვიძახი, იქნებ, განგებ არა ვწერ.
 თავის ქალას დილისკენ გადავბერტყე მოწყება,
 ჩემივე თავს ჩემივე მკლავებში თუ დავარწევ...
 ვეღარ ვიგებ ამ ქვეყნად ვინ.. რა ..უნდა მიყვარდეს,
 აალებულ სულზე კი, ეს სხეულიც მივიწვი. 
სანამ შავი სიკვდილი ამ ძვლებს გამომიხრავდეს,
 მართლა ვცდილობ ვისწავლო გაღიმება შვილის წინ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი