ღ ა მ ე


მთვარე ყვავილზე რომ დაჯდა ფუტკარივით,
 მთელი დედამიწა წამში აქანავდა. 
ტვინი ამიდუღდა აჭრილ რძესავით 
და ღამის უდაბნოში ფიქრი გაქარავნდა.
 მოწვიმს... 
კოშმარებმა ყელი გამომღადრა, 
ნისლი აბრაგივით ტყე-ტყე იარება. 
ჩემი თვალები კი, შავად ამოღამდა, 
აღარც მღვდელი მინდა, აღარ ზიარება. 
გაქრა თავისქალის ყველა განედიდან, 
ჩემი იმედები... ჩონჩხიც გადავღალე... 
ჩემი შიშის სხვენში კიბით ავედი 
და მფარველ ანგელოზის გვამი გადავმალე. 
შენი სიყვარული ვეღარც გულიდან და 
სისხლის ტუმბოდანაც ვეღარ წავიშალე, 
ჩემს თავს დავუშალე ნატვრა გულითადი, 
წვიმა რომ მოვიდა დარდში გავიშარე.
 თითქოს, იმხელა ხარ გენშიც არ ეტევი, 
წვიმის წვეთები კი, პერანგს ეპკურიან. 
ჩემი სხეულიდან ყვავის პლანეტები, 
აქეთ მარსია და იქით მერკურია. 
ცეკვავს კალმის ტარზე ჩემი სიმარტოვე, 
მუზა შემომაკვდა. 
მისი ხელებიდან,
 წვეთავს წმინდა სისხლი, ვზივარ ჩემოდანთან,
 ველი დამიძახებს ცისარტყელებიდან...
 ნეტა მწოლიარე ოქროს ბუდა ვიყო, 
ვისაც განდობია ბერთა წუხილები... 
ჩემი ღრუბელი მაქვს, სადაც უნდა ვიყო,
 დამდევს წვიმიანი ჭექა-ქუხილებით.
 ტკივილს მოვწყვიტე და გრძნობა გავიწალდე,
 "აღარც კალმახი ვარ ქვებზე გარჩენილი"
 ფოთოლს რაც ჭირდება ხიდან შავ მიწამდე,
 ზუსტად იმდენი მაქვს წამი დარჩენილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი