მეც მიმატირებს მარადისობა
მეც მიმატირებს მარადისობა, ვარდნისას ვუმზერ ფოთლის წრეწირებს. ალბათ, მე ადრეც ვცხოვრობდი ქვეყნად და ქურუმებმა მსხვერპლად შემწირეს. ალბათ, გულაღმა როცა დავეცი, ამ ჩემს თვალებში მჭკნარი იებით, ირეკლებოდა ქართული ზეცის სარკისებური სიმეტრიები. მიმზერდა დედა ძვლებატკივებულს, ჩემში სიკვდილი იხილვებოდა და მიღმიერი სიმყაროს კართან, ცხრა და იდგა და იღიმებოდა. გადმოვიფრინე საუკუნენი, კვლავ ამიძგერდა გული სატკენად, კვლავ დავიბადე სევდით სრულებით, დიდ სიმღერათა გავჩნდი სათქმელად. კვლავ მსხვერპლშეწირვის დიდია შანსი, მაგრამ მე გიცდი ამ შორ ციაგთან, იასამნისფერ მტევნებით აღვსილ, ამ ტანდაგრეხილ გლიცინიასთან. და შამანივით თვითმოკვინების გზაზე ვდგები და ვსუნთქავ სტრესიდან... მოვკვდი ათასჯერ და ათასჯერვე კვლავ სულიერად ვიშვი ლექსისგან. ჩემი საქმეა წერა, მისნობა... შემოდგომებით სული აჭრელდა. დღეს მომატირა მარადისობამ, ყელი მომწიფდა გამოსაჭრელად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი