დაღლა


დაღლა

ძარღვებში ასი ვარდი მიღელავს,
ფოთლები ბაღებს გულზე მიყროდა... 
ნელა ვუსმენდი მე შენს სიმღერას
და საშინელი დარდი მიპყრობდა.
ვმარხავ ტბორებში თეთრ  ორქიდეებს, 
ნისლის ტყეების ვრცელი ტევრია, 
აღარასოდეს აქ არ მოხვიდე,
აქ მზეებიც კი თავს იწყევლიან. 
დავმწიფდი ისე, 
როგორც ნაყოფი, 
მომწყვეტს გეენა, 
რათა მიგემოს, 
ფიშონთ წიაღში არ ვარ ნამყოფი 
და ლუციფერთა ვიტან ჰეგემონს.
სათნოებაა სიტყვა და ენას  
თეთრი კბილების დავადებ ბოქლომს, 
კაცთათვის უფრო მეტი ფასი აქვს
მთათა გულიდან მოგლეჯილ ოქროს.
სიკეთე არ შობს ისევ სიკეთეს
და ერთიც ნულზე არა მრავლდება, 
აქ ყველა თავის საქმეს იკეთებს,
ქვებს მოაქვთ თავი ბრილიანტებად.
ტყეს კარაბინით შევრჩი უკეთუ 
და გული იქცა ცეცხლად, სამსალად, 
მთელ მზის სისტემას სულში ვუკეთებ,
მხოლოდ სულთწვისთვის არის მასალა
მთელი სამყარო, 
ნაცბობ-უცონობი სხეულებით და კაცთა ლეშობით,
ჩემი თვალების ვრცელ ტრამალებზე 
ჯოჯოხეთები დათარეშობენ.
ცაში რომ ცხოვრობს გრძელწვერა კაცი, 
რა ხელნაწერებს მალავს უჯრებში,
არა, იმდენად ქუჩებში არ წვიმს,
როგორც სხეულის ყველა უჯრედში. 
მოგონებისფრად ქარი მეხება, 
სადღაც ერთობა ბავშვი დანებით, 
მთელი თბილისი ცეცხლში ეხვევა, 
შენ კი ერთობი რუსუდანივით.
მიფრინავს სადღაც წეროთა გუნდი,
ვერ ხვდები საით, 
არ იცი,რადმე 
რა საშინელი სურვილით გსურდი, 
რა საზარელი დათმობით დამთმე.
ვწევარ საწოლში, ვუმზერ როიალს 
კბილებჩალეწილს, 
ჩუმსა და მარტოს,
ალბათ, წლებია არ უთოვია
და ტანზე მაინც მოწყენა მათოვს.
...და ტანზე მაინც ის ფერფლი მათოვს, 
სერაფიმები რომ იწვებიან,
ცეცხლმობრიალე ფრთების ტკაცუნით, 
იასამნების ძირში წვებიან.
სულის კოსმოსსაც დაეტყო დაღლა,
არ მსურდა გრძნობა გზებზე მებნია,
იქნებ, სამოთხე იწვება მაღლა 
და თეთრი თოვლი მისი ფერფლია?!
 მესმის და მესხმის რაღაც ხმაური,
როგორც შრიალი ქარში მერდინის, 
მთელი კოსმოსი, 
მთელი კოსმოსი,
მთელი კოსმოსი მღერის გედივით. 
მღერის საოცრად,იცლება გონი
ძველი რწმენისგან და ვეღარ ვავსებ,
ისევ ქრებიან ცისარტყელები 
აბობოქრებულ ჩანჩქერის თავზე. 
უყურებ ნგრევას, 
ვეღარ გაჰყვირი,
გადააფასე 
არ ხარ საჩინო,
იმ უმცირესი ნაწილაკივით, 
შენც ვერასოდეს აღმოგაჩენენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი