მცურავი ღამეები


მცურავი ღამეები

პესიმისტის შავი თვალები შედარებით უფრო ხედავს სინამდვილეს,
ვიდრე - ოფტიმისტის ჭრელი თვალები. 
შავი ნიანგებივით მოცურავენ ღამეები 
და შუაზე გაგლეჯვას მიპირებენ. 
ჩემივე ტკივილში ვიკარგები, 
როგორც ბავშვობაში დავიკარგე ერთხელ ჩემი სოფლის ტყეში, 
როცა ბავშვები წავედით მარწყვის დასაკრეფად.. 
მაშინ ვიგრძენი, რომ მარტო დავრჩი და შემეშინდა... 
მაგრამ მაშინ მომაგნეს და გამიყვანეს სამშვიდობოს... 
ახლა კი, ვერავინ მომაგნებს,  რადგან ამჯერად სრულიად მარტო ვარ ჩემივე აპოკალიფსში. 
სადღაც ხის მოგლეჯილ ტოტზე ვჯდები და ჩემი სატკივარი სრულიად მავიწყდება, 
ისე მიტაცებს ხელზე შეცოცებული ჭიანჭველა. 
იქნებ, ეს უმწეო ჭიანჭველაც კი, უფრო ბედნიერია, ვიდრე ჩვენ. 
იქნებ, ცხოვრების ეს ფორმა უფრო გამართლებულია, ვიდრე კაცთა მოდგმა... 
ხშირად ვფიქრობ, კმაყოფილ ადამიანებზე, 
რომლებსაც სრულიად  კითხვები არ აწუხებთ და იმ დროს, 
შჩედრინის ერთი ცხოველის მონოლოგი მახსენდება, 
რომელიც  წუმპეში იწვა და გაიძახოდა: 
"რა საუცხოო დროს ვატარებო" 
რა თქმა უნდა, მართალი ვარ, 
ეჭვი არ მეპარება, 
რომ არავისთვის ვარსებობ... 
არც ჩემთვის არსებობს აღარავინ. 
თავს ვხრი მიწისკენ და
აცეცხლილი მსოფლიო რადიუსით დგება უხვად დათოვლილი სიჩუმის სურნელება... 
ვჯდები ხის სკამზე ქუჩის პირას, არც ფიქრი მინდა, არც ვინმე ხმის გამცემი... 
დიდი ხანია ასე ვარ, 
ფარ-ხმალ დაყრილი, თავდახრილი და მოძრაობაგარინდებული. 
თითქოს, 
დღესაც ეზარება დაღამება. მაინც სხივნი დაიდრიკნენ ჩემ წინ. 
წამოწვიმა და მერე უცებ გადაიღო. 
წვიმის გუბეებში ვამჩნევ ჩემიდან ამოზრდილი მკვდარი სახეების რხევას.
 ღამენათევს ჰგავს ქალაქი, ასე წვიმაშემწყდარი და სახლის სახურავებზე ცრემლებდაყრილი. 
საიქიოს მდინარის პირას მოლასლასე სულივით ვდგები და მივდივარ შინისკენ. 
მაგიდასთან ვჯდები და ვკითხულობ დავითის ფსალმუნებს, 
მესამე კანონს, 
მაგრამ ურწმუნოება ხომ შობს ფრთამოტეხილ ლოცვებს, 
რომლებიც ცამდე ვერ აღწევენ და შუა გზაზე იხოცებიან, მერე კი, მკვდარი მტრედებივით, 
ტრიალ- ტრიალით 
ღრუბლებიდან წივილით მაცვივიან თავზე. 
მეც ქართველი ვარ, ნახევრად წარმართი და ნახევრად ქრისტიანი... 
სწორედ ამიტომ 
ვბადებ ფრთამოტეხილ ლოცვებს ყოველ ღამით და ვიძინებ იმ კაცის ძილით, 
რომელიც მომდევნო დღისგან სრუალიად არაფერს ელის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი