ტრიოლეტები


ტრიოლეტები 

1

მე ვდნები, რადგან სახლთან მდგარი თოვლის კაცი ვარ,

თოვლის კაცი ვარ ,მაგრამ მაინც მიტანს კანკალი,

მკვდარი კატები ხის კუბოში მხრებზე მაცვივა,

მე ვდნები, რადგან სახლთან მდგარი თოვლის კაცი ვარ

და მკლავს ნელ-ნელა: უჩემობა, გლოვა, დაცინვა...

შემოდგომის წინ ჩემი თავი ბევრჯერ დავკალი.

მე ვდნები, რადგან სახლთან მდგარი თოვლის კაცი ვარ,

თოვლის კაცი ვარ ,მაგრამ მაინც მიტანს კანკალი...

 

2

ჩემს მზერას ამღვრევს საშინელი ჩიხი არ ყოფნის,

ვიცი, არსებობს მზე, რომელიც ბადებს სიბნელეს,

შენ ვერასოდეს ვერ მიხილავ მშვიდს და კმაყოფილს,

ჩემს მზერას ამღვრევს საშინელი ჩიხი არყოფნის,

კალათით მომაქვს ედემიდან ვაშლის ნაყოფი,

და ცოდვის ცხენი ჩემს თვალებთან გამოიგელვებს,

ჩემს მზერას ამღვრევს საშინელი ჩიხი არ ყოფნის,

ვიცი, არსებობს მზე, რომელიც ბადებს სიბნელეს.

 

3

ენეასივით დააარსებ ახალ ქვეყანას

და გაიქცევი გადამწვარი ხორცის ტროადან,

მიწას ფოთლები ხეებიდან ჩამოეღვარა,

ენეასივით დააარსებ ახალ ქვეყანას,

როგორ არ გსურდა ეს ცხოვრება თავში გეხალა,

მთელი თავისი უაზრობით როცა მოგადგა...

ენეასივით დააარსებ ახალ ქვეყანას,

და გაიქცევი გადამწვარი ხორცის ტროადან.

 

4

მოჩანს ჩემს სისხლზე დამყნობილი მთვარის ტირილი,

მფარველ ანგელოზს წავუკიდე ცეცხლის ხარხარი,

ჩემს გვამთან ვდგავარ თავდახრილი ხელში გვირილით,

მოჩანს ჩემს სისხლზე დამყნობილი მთვარის ტირილი..

ტრაექტორიით შავი ქარის, გზებით ირიბით

მივდივარ სადღაც და დავაგდე რწმენის სამხარი.

მოჩანს ჩემს სისხლზე დამყნობილი მთვარის ტირილი,

მფარველ ანგელოზს წავუკიდე ცეცხლის ხარხარი.

 

5

სამყარო ტირის და ცრემლებად მოსდის ვარსკვლავი,

უფერო გულად ამიძგერდა სიცარიელე,

ყოფნა-არ ყოფნის ზღვარს და მიჯნას ვეღარ ვანსხვავებ 

სამყარო ტირის და ცრემლებად მოსდის ვარსკვლავი.

ხორცს მიმაბამენ სისხლის თოკით გამონასკვამენ,

დამისივდება ღამის რხევა, რწმენის სიელმე...

სამყარო ტირის და ცრემლებად მოსდის ვარსკვლავი,

უფერო გულად ამიძგერდა სიცარიელე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი