სიკვდილის ხარი


ელიტარული ჯადოქრებივით
სხედან მნათობნი სვანურ ქუდებით.
ცივი ღამეა. სადღაც ჩახოცეს
კეთილშობილი რობინ ჰუდები.
ისევ ციების უწყვეტ მთქნარებით 
დაორთქლილ თვალებს ვუშლი საღერღელს... 
იმდენი რამე ხდება ჩემს ირგვლივ, 
ტკივილის აღქმას ვეღარ ვახერხებ. 
მე უმცირესი ნაწილაკი ვარ, 
ამ ორმოცდაათ მილიარდ გალა-კტიკას შორის და 
მაწვიმს დაცინვა,
ჩემს ცრემლებს მხოლოდ წვიმაში ვმალავ, როგორც ჩაპლინი.
დავიკარგები 
საკუთარ შიშში, რწმენა მეცლება 
და ოიდიპოს მეფის მაგვარად, 
არარაობის მტანჯავს შეგრძნება. 
ტელევიზორის ანტენის მსგავსად 
ვიღაცა, სადღაც ჩემს ფიქრს დაიჭერს, 
ინტერესის და კვლევების ფასად, 
ათასს კითხვებს და ფიქრებს გაიჩენს. 
როცა მიწაში თიხად ვიქცევი, 
ნეტავ რა უნდა მოზილონ ჩემგან ? 
მე არც სახლში ვარ და არც სახლს გარეთ, 
მაგრამ მაინც ვარ ყველასთან, 
ყველგან...
სისხლის აორტა მიცემს ყელთან და 
სისხლნი ვულკანის ფრქვევას ნატრობენ, 
ყველა კორპუსი, ავტომანქანა...
ჩემთვის ქვა-ღორღი გახდა მარტოდენ. 
ისევ გრძნობისთვის სივრცეს მიხსნიან, 
ზეცა -დაიწევს, მიწა -აიწევს, 
როცა ჩემს ძვლებზე მოსვრილ, სისხლიან 
ნისკარტს ყორანი ნელა გაიწმენდს დამძიმებული ლეშის კორტნისგან...
ხე დგას, 
დგას: 
სივრცე, 
ვარდი და სკამი... 
მარადისობის თვალებად ელავს
მილიარდობით დიდი ვარსკვლავი. 
დრო კაცსაც კლავს და მოგონებასაც,
დრო არის მხოლოდ ჩვენი ბატონი, 
რადგან ამ მთვარეს 
დრო იყო, როცა უმზერდა თუნდაც დიდი პლატონი.
ახლა მე ვუმზერ და მიკვირს ძლიერ ,
ჩემს შემდეგ კიდევ... 
სხვები ელიან... 
ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის, 
სიკვდილ-სიცოცხლე კარუსელია! 
და ჩემი ღმერთი დიონისეა, 
როცა ვგრძნობ, როგორ მიტანს გოდება
ღვინის ტანინში შობილი თრობა
ჩემს ტანში სისხლად დაიტოტება...
მივირთვათ ჩაიც, 
გავტეხოთ ქადაც.. დილით, 
ღამე რომ გადიჩეხება. 
შავი ზღვა არის ოთახი, სადაც 
მედუზასავით მზე შეგვეხება...
შენი ტანი ჰგავს აღდგომის კუნძულს, 
რომელსაც ვირჩევ, სადაც ვეშვები, 
ოდნავ ჩაწეულს დავკოცნი მუცელს, 
ვიცი, ვერასდროს ვერ შეგეშვები. 
სიკვდილის ხარზე ზის ეს სამყარო, 
სიკვდილის ხარი ეს თითქოს, მე ვარ. 
როცა სალამურს ვუკრავ ტირილით, 
როცა მაშფოთებს ქარი და რყევა. 
ტყე ჩვენ ვართ, ხოლო განა მეტყევე, 
დრო მტერი არის ტყის და მჩეხველი !
როცა შენ არ ხარ, მკლავები მტკივა, 
სიცარიელეს ისე ვეხვევი. 
ჩემი ძვლებია მხოლოდ უდაბნო, 
ხოლო ხორცი -ზედ ქვიშად მიყრილი. 
მალე მოიხვეტს ყველაფერს ერთად ქარი, 
რომელიც გახლავთ სიკვდილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი