ს უ ლ ი
ეულო და მარტოსულო, უდაბნოში ამოსულო, ტკივილებში გაყურსულო, მომაკვდავო სულო. ფიქრით დაისრულო, უნდა შეგაძულონ მთელი სამყარო და შხამი შეგასხურონ. არის მარტოობა, როგორც განტევება, არის დიდი ღამე და არ გათენდება. შენი თეთრი ყელიც ისე ამაყია, მან მკერდის წიგნიდან გული ამახია. აღარც იეშუა, აღარც ალახია, ამ ჩემს უდაბნოშიც ვიცი, არრა ყრია. ხმელი ფოთლებია, თითქოს, საღებავი, ამ ხმელი ფოთლებით მიწას შეღებავენ. ხორცი მიწისაა, მისგან ვიქირავე, თითქოს, საფლავები სიზმრად მიფრინავენ. მხოლოდ მარტოხელა, მხოლოდ მარტოსული, ტირის უდაბნოში ჩემი სული. ჩემი თვალებიდან ღამე გადმოსულა, თვალთა წამწამებზე მთვარე გაყურსულა, ქართა უდაბნოში წვიმა არ მოსულა, წვიმა არ მოსულა არასოდეს. წვიმა ენატრება ქვიშის დიუნებსაც, ღამემ საშინელი გრძნობა მიულექსა, შთანთქეს მთელი ტანი ღამის გიურზებმა და ჩემი ტკივილი ჰგავს ცრემლის იუველირს. მთაზე საყდარი ჩანს, იზიდავს ადამიანს, შიგნით თმები უჩანს მარიამ მაგდალინელს, ქარებმა გარეთ იები გადარიეს, წვიმები მოვიდნენ და აღარ გადაიღეს, სველი თმები უჩანს საყდრიდან მაგდალინელს... ძილის ველოსიპედს სიზმრის ბორბლები აქვს, ქარები... ქარებიც შენკენ მომყვებიან, ცას ჩუმად ვუმზერ,ვარსკვლავლოყებიანს. აქ ცხენთა კი არა, ტკივილთა დოღებია, ვერარა გავუგე სამყაროს ოხერ-ტიალს! ჩავრჩი უდაბნოში,ქართა საცობებში, ვტიროდი და თავს ვეღარ გაცოდებდი. შენ ჩემში მოჰკალი თუ იყო რაინდი, თავი დავხარე და გავრინდდი. ხატებს რა ხანია, მადლი გაეცალა, ლუციფერმა შეხედა და გაეცინა. სულში გაილია ქართა სიქაც, ზღაპრებიც ბოროტებად გარდაიქმნა. დგას ლუციფერი და ეცინება, მე კი, ღმერთიც აღარ მეფიცება, აღარც კაცი ვინმე მეფიცება, აღარც ჩემი თავი მეფიცება, აღარც დედა აღარ მეფიცება, აღარც სატრფო აღარ მეფიცება, აღარც მეძინება, აღარც მეღვიძება... ლუციფერი კი, მიყურებს და ეცინება... ეულო და მარტოსულო, უდაბნოში ამოსულო, დაფლეთილო, დაყურსულო, ჩემო მომაკვდავო სულო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი