სულის ამპუტაცია


ჩაუტარდა სამყაროს სულის ამპუტაცია,
მის ამაყ და მაღალ მხრებს დღეს სიცივე აცვია.
ცივ საყდარში კაცია, სამრეკლოზე ყვავი ზის.
დალაგდება ერთხელაც ყველაფერი თავისით.
გზებს შორიდან გავცქერი, არავინ ჩანს, არავინ..
და ჩემს სულში წვიმაა, თოვლი- გაუკვალავი.
თოვლში მზე გამოვიდა, მზე წააგავს ინვალიდს,
მე სამყაროს ნერვი ვარ: ავადმყოფი, მტკივანი...
თვალები კი, ფეთქავენ, დაბლა ცრემლებს ისვრიან,
გველის კუდით ვიხრჩობი, ხის ტოტებზე ნისლია.
შორს წვეთები ფეთქდება, შორს გერგეთის ხევია,
ბრილიანტის ბრწყინვასაც ქვის სევდა მირჩევია.
სიმარტოვე ჩემშია, რადგან ჩემი ხვედრია
და რაც მე დავიბადე გზად არვინ შემხვედრია.
კანზე ,თითქოს, კეთრია ისეთი სიმკვეთრეა,
ცაში მდგარი ღრუბელი ,თითქოს, წმინდა პეტრეა
და მე ვერ შევიცანი,ჩემი თავის თვისებაც,
გული ვერ დავიმშვიდე, სულმა ვერ განისვენა.
შიგნით რაღაც დაღია, შიგნით რაღაც მაჩნია,
ეს ყვავის ნისკარტია, გულს ლურსმნებად გაჩრილი.
შენც აღარ გამაჩნიხარ, არარა გამაჩნია
გალაქტიკა მიყურებს ჩემს ოთახში ფანჯრიდან.
კუნძული ვარ კაცთაგან შორი, მიუდგომელი,
ვგრძნობ ,ჩემივე ტკივილში დამიწება მომელის.
მე ასეთი ტკივილის კავალერი ვიქნები, 
ვერც სასმელი მიყუჩებს, ვერც ამ თოვლის ფიფქები...
სხვა სამყაროს იმპულსებს ვგრძნობ და რაღაც კავშირებს,
ცოცხალ-მკვდარი ლოგინზე ჩემი თავი მაშინებს,
ჩაუტარდა სამყაროს სულის ამპუტაცია,
მის ამაყ და მაღალ მხრებს სულ სიცივე აცვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი