დაღლილი ორქიდეა
ბოლო დროს ცრემლები შემეჩვია, ადამიანთა ცნობის მღალატობს ალღო, მეტყვის წიგნიდან გადმოსული ვაჟა-ფშაველა, ,,შენ რაღა გატირებს ,ბალღო!,, მთვარემ შემოცურა სისხლ-ძარღვებში, შიგნიდან სევდით გამანათა. მე როგორ გავძლო ამ ძაღლებში, მსურს სული გავგზავნო ზეცაში, როგორც ამანათი. სული შიგნიდან მაქვს დახეთქილი, ვარ მარადისობის შეგირდი და ნოე ბიბლიიდან შემიძახებს- ,,ქანაანს წამყევი ეგვიპტიდან,, ნიჭი მაქვს გედობის, ამღერების, და ყორნის ფრთაზე მოკლული ქარი ვარ. თვალებში ჩამაკვდნენ ღამეები, ჩემს საქართველოს ვერ შველი, მარიამ. ღამეა. ტყემალზე დამყნობილი ვარსკვლავი თვალებში გაიკვირტა. აღარც ხორცია კმაყოფილი, სისხლიც კი, გროშებში გაიყიდა. დაქრიან ქარები ბანდებივით, სიჩუმე იმსხვრევა იატაკზე. საფლავზე დარგული ვარდებივით, შემება ტკივილის სილამაზე. მოკლული ირემის თვალებიდან სამყაროს ვუყურებ, ვსევდიანობ, მე ქართა შეშლილი მხედარი ვარ, კოსმოსში ქარებით ვხეტიალობ. ჩემს ტვინში ფეთქდება დინამიტი, მე ჩემს თავს არავის შევაცოდებ, მე როგორც ხეოფსის პირამიდას, მთელს ტანზე უდაბნო შემაცოცდა. წამწამებს ცრემლები სტალაქტიტებად ეზრდება, ძვლებიც გამიხუნა. უფსკრულში გადავყარე ტიტები და მერე გულგრილობა გორგასლის მუზარადად დავიხურე. ღამეში ნადირის დაფეთება... და სისხლთა მდინარის აჩქროლება, მოკლული თვალების ნაფლეთები და მოკლულ სულთა აშმორება, არაფრით, არასგზით არ მშორდება... ზოგი მოგონება მაინც ფასობს, გადატყდა ძეწნებში ერთი ძეწნა, მე ღმერთის თითების სითბო მახსოვს, როდესაც მიწიდან გამომძერწა. მომკლეს და მომექცნენ უდიერად, სულიც ვეღარა სძლებს უკივლელად, სივრცე გიგანტური იზმორება, და როგორც დიდი ბიზონები, მიდიან დღეები იჩქარიან, სიცოცხლე კი, სადღაც მიჩქმალულა, იმედიც სადღაც მიჩქმალულა, სინათლეც იქვე მიჩქმალულა, და სულში სიწმინდე იჩაგრება. დაე, ქარმა მაინც იშრიალოს, ვფიქრობ და ფიქრებიც შიშიანობს, ვაიმე, ცხოვრებავ არეულო, არა მყავს სწორი და ორეული, რომ ჩემი ნაღველი გავუმხილო, რომ ტუჩზე ღიმილი ამეხილოს, მე ვაარ დაღლილი ორქიდეა, სამყარო ჩემს ძვლებზე მოქვითინობს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი