ნაყვავილარი ბაღები


ქარი ფეხს იდგამს და შრიალს იწყებს,
სასტიკი მოჩანს ბედის მწერალი.
გადაუვლია სხეულზე მეწყერს
და ვდგავარ მარტო ნამეწყერალი.
ვეღარც ყვავილებს ვერ ვხედავ ვერსად
და ბაღიც მოჩანს ნაყვავილარი.
მარტო სიარულს ვიწესებ წესად,
მორჩა, აღარ ვარ ცისკენ მზირალი,
იქ იმედები არ მეგულება,
იქაც ვიგულე მხოლოდ ტკივილი,
შავად გამუქდა ჩემი ბუნება,
ჩემს სმენას სწვდება ჭოტის კივილი.
ჭა ვარ, რომელშიც მთვარე ჩავარდა,
ჭიდან ამოსვლა მინდა ძალიან,
რომ ვერ ამოვალ, ვიცი თავადაც,
ხანძრით ნაბუგი დარიალი ვარ.
ხმელი ტოტი ვარ გამოჩორკნილი,
თავისუფლება მინდა ამ ორბის..
ცივგომბორიდან ყელგამოჭრილი
ირემთა გუნდი ჩემკენ გამორბის.
ჩემი სახელიც თურმე არ ვიცი,
ვერ მივეკედლე, რა ვქნა, მეფის კარს,
სასტიკად მინდა სადმე გავიქცე,
ჩემი შავფერი სიკვდილებისგან.
მე ჩემი ქოხი გადავწვი ისლის
და ფარ-ხმალს დავყრი ,ალბათ, მეასედ..
ასე მგონია, თითქოს, ვარ სისხლი,
შემშრალი გამხმარ ორქიდეაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი