*** (სევდა მომაშორე)


სევდა მომაშორე. 
მომეშველე.
მოდი, გამოგივა, 
მომაგენი.
მყუდრო ოჯახი და თბილი კერა,
სულზე მზის ძაფებად მომაკერე.
ერთი კიდობანი წარღვნაში ჩანს
და ის კიდობანიც ნოესია.
იცი, შველა მინდა მე, ლექსებს ვწერ,
პათოლოგიაა პოეზია.
მე და შენ დისონანსურ რითმებს ვგავართ,
ანუ ვირითმებით არაზუსტად.
აღარც ქრისტე გვინდა, აღარც ბუდა,
ძვირფასმა ტკივილმა დაგვასუსტა.
ძვირფასმა იმიტომ, რომ გვაწერინებს
მთელ დედამიწაზე რკინის გონით,
რითმების პირამიდას ავაშენებ
და იქ მე ვიქნები _ფარაონი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი