მოდი ვიტიროთ სხეულები რატომ კვდებიან


მოდი ვიტიროთ სხეულები რატომ კვდებიან, 
რატომ ქრებიან სულები და მაღლა იწევენ 
და სველ თვალებშიც დალეწილი მთვარის ხმებია, 
მივიწყებული, მიგდებული ჩვენ ვართ მიწები. 
რატომ ცეკვავენ უკანასკნელ ცეკვას გედები,
დაუფენიათ საოცარი დარდი თეთრ ფრთებზე, 
ჩანს აივნებზე ჩამომხრჩვალი ჯულიეტები, 
ღამეც გველივით დასრიალებს ცრემლის წვეთებზე. 
დაქეიფობენ ობლის ცრემლით უტიფარები,   
უკანასკნელი ღამის კვალიც ფიქრით გავბარე, 
მე გულწასული ტარიელი ნუ გეყვარები, 
სუდარასავით დავიწყება გადამაფარე,
რადგან ცხოვრება მე მიყურებს ,როგორც გარეწარს
და გულგრილობა მხვდება მძიმე ალიყურივით.
იასამნებში ქარი თავის რისხვას დალეწავს, 
გათენებამდე ვივლი გზებზე გარიყულივით. 
შეხედე ღრუბლის მოძრაობაც ,თითქოს დუნეა,
ანტიპროტონად გარდაიქმნენ პროტონებიდან,  
აღარაფერი აღარ მახსოვს საუკუნეა 
დიდაქტიკური, მორალური მოტივებიდან. 
შემოგიტყუებ და თვალებში ჩამოგახედებ
იქ ,სადაც ნათელს სამუდამოდ მიძინებია,
სადაც შემუსრულ სამრეკლოთა არის ღრმა ხედი,
სინათლეები უფსკრულებში იზილებიან. 
ეს ყველაფერი ყველაფერზეც უფრო დიდია, 
მხოლოდ შენა ხარ შენი თავის პირისფარეში, 
დამშვიდობების გარეშეც ხომ ზოგჯერ მიდიან,
მაგრამ არასდროს არ მიდიან გრძნობის გარეშე. 
ადამიანი უკვდავებზეც უფრო დიდია, 
რადგან მასშია თავმოყრილი ყველა კივილი,
ქუსლის ტკივილით დაიხოცნენ აქილევსები,
მაგრამ არასდროს არ უგრძვნიათ გულის ტკივილი.
ყოველ მდინარეს,
ყოველ მთას და ყოველ ხეობას
ადამიანის სევდა ჰქვია დაუძლეველი, 
ადამიანი თავის თავსაც ბევრჯერ ეომა 
და თავის არსში იგრძნო ბევრჯერ ფარისეველი.  
ჩემი სახლის წინ ერთი ხე ჩანს ახლა დელგმაში, 
მას აღარა აქვს იმედის და ფოთლის მარაგი, 
ჩვენ ერთმანეთი შევიგრძენით წვიმის ღელვაში 
და მე მივხვდი, რომ შეუძლია  ხეს ლაპარაკი . 
ვიცი, უჩემოდ მოიწყინა მამის საფლავმა,
მოვიდა ფიქრი საშინელი ,როგორც მხილება. 
მე ვერ დავლოცავ იმას ,ვისაც კაცი არ ერქვა, 
ვისაც ღამეში არ შეეძლო აქვითინება. 
ზურგზე მოგახტა, თითქოს, ვეფხვი ჭრელი მ-წყაზარი, 
შენც იფანტები ფოთლებად და ვეღარ გროვდები...
არაფერია ქვეყანაზე უფრო საზარი, 
როცა ხვდები, რომ გარდაუვლად უდაბნოვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი