სანამ ლადოს სურათს ვკოცნი
ფოთოლმცვივან ბუჩქბალახსა, გარეთ აწვიმს ჟოლოს. სანამ ლადოს სურათს ვკოცნი, რა მომიღებს ბოლოს. შენი თვალის სიღრმე მახსოვს, ანბანს ჰგავდა ნუსხურს. მოვა ისევ მონატრება და დამიწყებს ბუზღუნს. ქუჩის ბოლოს აღარავინ გამოჩნდება უკვე, სძინავს სულის ქალაქსა და მის ქუჩებს და შუკებს.. ჩამოვრბოდეთ მინდა მთიდან, თეთრს ვეძებდეთ ყვავილს. იქ მათხოვარ ქალის თმიდან მაცხოვარი ყვავის. აღარ მახსოვს რა დავწერე, რა დარდი ვთქვი გუშინ, სისხლსაწრეტი მილივით ,რომ სიტყვა მომხვდა გულში. არც ვარდსა და ია-იებს არ ვუჯერებ ფიცილს, არ ვუჯერებ ევას სიტყვას, ქალურ კუდის ქიცინს. ატორტმანდნენ მნათობნი და გამოვიდნენ ბნელში, დღეს ჩხიკვაძე ნოესთან ვარ, ღვინის ჭიქით ხელში.. ვწევარ მთვრალი, თითქოს მკვდარი , გეფიცები მისანს, მკერდის ძვალი ქვა-ღორღია, ჩამოშლილი კლდისა. ვეღარა ვარ აზარტული და ზედ გულზე მაზის ვაზასავით დაბზარული, სისხლით სავსე ბრაზი. თითქოს, აღარც მიწას უნდა ჩემი ხორცი უმი და გრძნობების წურბელებმა ამომწოვეს სული. როგორ მინდა ჩემთან იყო, შენი ხელის მტევანს, ვიკრავდე და ვიკონავდე, ვგავდე ტყვეს და მძევალს. იქ აწვიმდეს ,ეზოს ბოლოს, ბოსტანსა და თივას, (სხვათაშორის პოეტები არასოდეს გაურბიან წვიმას.) ფოთოლმცვივან ბუჩქბალახსა, გარეთ აწვიმს ჟოლოს. სანამ ლადოს სურათს ვკოცნი, ვერ მომიღებთ ბოლოს !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი