ტკივილიც არის ქარიზმატული
დახრილ ბაქანს ჰგავს ღრუბელი -პანდუსს, თვალები მოჰგავს შავ და ღრმა ღელეს. ტკივილიანი სული ჰგავს კაკტუსს, სხეულებს ჩხვლეტს და ტკივილს აყენებს. არ შეუძლია მას უკვე მეტი, მობეზრდა თრევა დროთა ხურჯინის.. ის, უსინათლო, ჭაღარა ღმერთი მძიმე სახსრებში ტკივილს უჩივის. ის უსინათლო, გამხდარი ღმერთი, ჯოხის კაკუნით დადის ზეცაში, წიგნათ გადაშლილ ადამის სულსაც ვეღარ კითხულობს ახლა დედანში და ვიქტორიაც დაიღუპება, თუ კი, იცვალა უეცრად კურსი. გული კი, მკვდარი ქარიშხალია და მკვდარ ქარიშხალს სადა აქვს პულსი. შენ წარმოადგენ ჩემს ურყევ მიზანს და შენ ამაში ნუ დაეჭვდები. დღეს ისე წვიმდა, თვალებში გიჩანს წვიმის თითების ანაბეჭდები და რაც მე ვგრძნობ, რომ დამაზარალებს, არც სამსახური მინდა დათვური, არ გაგეცინოს, რომ თურმე ზოგჯერ ტკივილიც არის ქარიზმატული. მე ამეხილა მესამე თვალი და აელვარდა, როგორც ალმასი. რითმებიანი ტკივილის წყალი, არის ჩანჩქერზეც უფრო ლამაზი. არ მინდა ბედმა ზვარაკად დამკლას, ან და შემრიოს თავის მარაქას. ჩემი სხეული ჩანავლულს, ჩამქრალს, წყალში ჩავარდნილ ვარსკვლავს წააგავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი