ლექსმდინარე ფურცელი ვარ


ეს ზამთრის ტოტები ჩემი ვენებია,
სადაც ყინვა ფეთქავს და მზე ილეწება.
შენი მონატრება არის ენერგია,
რასაც ვერ ვიშორებ, სულზე მიმეწება,
ისე გეგონება, რაღაც მისტიკაა,
ცივი ამინდია სულში სტატიკურად,
ეს ხე შიშველია, ფოთოლგაცლილი და
თითქოს, ფიგურაა ისიც ანტიკური.
ღამე შემკრთალია, როგორც ბალთაზარი,
არ მაქვს კაპიკი და თან ვარ უმდიდრესი.
ქარი მეფერება მხრებზე მამასავით,
ქარი ცივია და თანაც უთბილესი...
მე ვარ მარტოსული, მე ვარ უკარება,
მთელი ცხოვრება ხომ დიდი ჯახირია,
მაღლა ვენერა რომ კივის ვულკანებით,
სულის ამოსვლაა, გულის ძახილია...
მოდი მომეფერე თორემ გეენაა..
თორემ სინანული მიდგა მთა-გორებად,
მე ვარ სუსხიანი ზამთრის მოლანდება
და მეტეორივით ერთი ჩაქროლება.
მზე ჩემს საყელოში უცებ ჩაიმალა,
არ მსურს მეცნიერთა მდარე თეზისები.
იქნებ, არა ვცხოვრობ, იქნებ ,სულაც არ ვარ,
მხოლოდ ამ გაჩეხილ ტყეებს ვესიზმრები.
დროთა გაჭენებამ ცრემლი მომადინა,
ისე იმდინარა, ვეღარ შევაჩერე...
ყვავის გაფრენაშიც არის რომანტიკა,
თუ კი, დაიჯერეს, თუ კი შეამჩნევენ,
მე კი ,ყველაფერი უკვე დაუტევე,
გრძნობის ეკიპაჟი ფსკერზე ჩაიძირა.
ჩემს სულს გამოღადრულს ღამეს ვუთენებ და
აქ, ჩემს წამწამებზე, ქარმა ჩაიძინა...
დიდი ღამე ვარ და დღისკენ ვიყურები,
ჩემით იჩრდილება მზეთა სპიკულები.
თვალში იდუმალის გაჩნდა სადინარი,
ვიცი, ფურცელი ვარ მხოლოდ ლექსმდინარე..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი