ფურცლებდაკარგული წიგნივით


სულ მენატრება ჩემი სოფელი:
ეზო, ხეები, მწვანე ჯეჯილი...
მე ვაარ წიგნი ყდადახეული,
იმედ-და-ფურცლებ ამოგლეჯილი,
არ შრიალებენ ტყეები არსად,
არვინ გისურვებს ძილინებისას,
მე ვარ პლანეტა ვენერას მსგავსად
გაწამებული ვულკანებისგან,
მახსოვს წითელი ატმის ხელები ,
ცისკენ აწვდილი, მათი ბარაქა..
რა გინდათ ჩემგან, რას მემტერებით,
მე თქვენთან დავის თავი არა მაქვს.
მტერი არასდროს არ შემიქია,
თუმცა მე თქვენთვის გროშიც არ ვღირვარ.
მე მიხარია, რომ შემიძლია,
ჩემივე ნებით გულის გაყინვა.
თქვენთვის არ არის ჩემი რელსები,
გზებიდან გზებზე მარტო ვყიალობ,
რა გინდათ, რისთვის არ დამეხსნებით,
რომ სიკვდილამდე მარტომ ვიარო.
ცეცხლის სხივები ტიტანურ მზიდან
ბიზონებივით ჩემკენ მორბიან
უბრალოებას ვისრუტავ ქვიდან,
ტკივილი ჩემი ლეშის ორბია !
მე გადავდივარ მზისფერ წარსულში
და მოლანდების მარწუხით მტკივა..
ზის მოწყენილი ბებო ღუმელთან
და მეკითხება, -ხომ არა გცივა ??
კი, მცივა, ბებო, გათოშილ სულზე
და შენს დაკოჟრილ თითებს ვიხსენებ.
ტკივილიანი ფიქრით და ნატვრით
ყელი და მკერდი გადავისერე.
ყოველი ღამე ჩემთვის დანაა,
ზურგში ჩარტყმული და სისხლწასმული,
წავიდა ყველა ზღაპრის წიგნიდან,
გაფრინდა ყველა ზღაპრის ასული
და მე კი, ვეღარ ვისწავლი ფრენას,
ვცოცხლობ ძარღვებში ლექსის შეშვებით...
წინ საშინელი უფსკრული მოჩანს,
დავხუჭავ თვალს და 
გ ა დ ა ვ ე შ ვ ე ბ ი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი