დადგა მწიფობა
გლიცინიების სულის კივილმა, ფოთლებდახოცილ ბაღში გიპოვა, მერე ბავშვივით აგყვა ტკივილი და შენს წიაღშიც დადგა მწიფობა. მაგ გამჭვირვალე სარაფანიდან თეთრ მთვარესავით ჩანს შენი ტანი და როგორც ნატვრის ანი-ბანიდან შენი თვალიდან წვეთს წვიმის წყალი. სულზე მდინარედ მსურდა მომეშვი, გულს სისხლად სურდი, ძარღვთა ტოტებად... ღამე ჩადგება თვალის ტბორებში თუთის ხეებად გაიბოტება. შენც ხომ იყავი ჩემი მწიფობა, სულის ვენახზე ჩამომტევნებით. კუნძის მაგვარად სულიც იპობა... ჩანან თუთები _ქარის მძევლები. მინა ვარ და ზედ ტოტი მეხლება, ვტყდები და ვითმენ გატეხვის ჭვალებს. როგორ მჭირდება შენი შეხება, როცა ცრემლების რთველი აქვს თვალებს. ვგრძნობ განახლებას, თითქოს, შიგნიდან შემომერკალა ნისლი ნალივით და მოშაქრული ლექსის ჯიქნიდან ვწოვ უკვდავებას წინაპარივით. გლიცინიების სულის კივილმა, ფოთლებდახოცილ ბაღში გიპოვა, მერე ბავშვივით აგყვა ტკივილი და შენს წიაღშიც დადგა მწიფობა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი