მე უნდა პოეზიას შევეწირო


მე უნდა პოეზიას შევეწირო,
ზეცა ვარ უზღვაო და უხმელეთო.
აპრილში მზე გახდა შევერძილი,
კაცი ზის ქუჩაში უხელებო
და ითხოვს გამვლელთა შეწყალებას,
ის შუბლზე სატკივარს გადაიწერს...
ყველას აქვს ოცნება შორეული,
მდინარეს ზღვად უნდა გადაიქცეს.
აპრილში მზე გახდა შევერძილი,
ჩემი ტკივილებიც გაიზარდნენ,
მე უნდა პოეზიას შევეწირო,
კივილიან სულში არ ჩამისახლდე.
მე ვარ ბუმბული...
ბუმბული ჩიტის ფრთის ნარჩენია,
ბუმბული ფრენას ნაჩვევია.
ბუმბულს არაფერი დარჩენია,
ბუმბული მიწას შერჩენილა.
მე მხოლოდ სამარე მეჩემება,
სიცოცხლე ჩემი მეზარება
და სადღაც, გადაღმა ტრამალების,
მთები და მთები მეზმანება.
ვისწრაფვი ბალანსისკენ სეზანივით
და რბიან ,რბიან ,მოგველიან,
ჩემს მკერდზე გადარბიან გაგიჟებით 
ღამეები ლეოპარდის ჯოგებივით.
თვალები გატეხილ დოქებივით,
იატაკს ჭახანით აცვივიან,
ცხოვრება, ცხოვრება დავუტევე..
ოჰ, ღმერთო, ცხოვრება რა ცივია,
ოჰ ,ღმერთო ,ცხოვრება რა ცივია,
თითქოს ,ის საფლავის ნაწილია...
შენ ქადას აცხობ და გადასახე
მას ჯვარი სანამდე გატეხავდი...
მე მინდა შენს თმებში გადავსახლდე,
ან უნდა გადავხტე მეტეხიდან,
რომ წყლის სიზმრებში გავირინდო,
წვიმაა- სულების გასვენება,
მე მინდა შენს თმებში გადავსახლდე,
მინდა იმ სურნელის გახსენება...
მინდა მახსოვრობა გავიფუჭო,
გრძნობები თვალებად დამიხუჭონ.
მსურს ჩემში ყვავილად გაიღიმო,
გრძნობები თვალებად ამიხილო.
თორე-ღა ცრემლები მაცოდვილებს,
რა უნდათ მავანთა მაცოდინე!
ვერა ვარ ცხოვრების კაპიტანი,
სირცხვილი ამ თქვენს კაპიტალიზმს,
სირცხვილი ამ თქვენს სოციალიზმს,
მე ჩავრჩი ჩემს ბრაზში ცოფიანი.
მე უნდა პოეზიას შევეწირო,
ისაა ჩემი აიაზმა,
ღამეა ,თითქოს, შევერცხლილი,
ქარია, ფოთლები დაირაზმა...
მე უნდა პოეზიას შევეწირო,
ისაა ჩემი აიაზმა.
და მიტევს შიშებით დაფეთება,
პლანეტა ვენერას აფეთქებით,
სიცოცხლე სიკვდილებს ვეღარ ქაჩავს
და თავიც მარტორქის რქაზე დარჩა.
სატრფოც სხვა პოეტებს გაეპრანჭა,
მე როცა მოკლული დამიგულა..
ვარ, როგორც ხმელეთზე ორაგული...
მე ერთი უღმერთო ტაძარი ვარ
და ჩემში ცეცხლი და  ნაცარია,
არ გინდა აქ მოსვლა, რა ძალია,
მე ერთი უღმერთო ტაძარი ვარ,
მე ერთი უღმერთო ტაძარი ვარ
და ჩემში ცეცხლი და ნაცარია
და მთები ,მთები მეზმანება,
მტკივა და ცრემლებიც მეზარება.
მაცოფიანებს უმწეობა,
ფიქრები მიტევენ გამგელებით..
თითქოს და ეს ხმელი ფოთლებია
ღვთისმშობლის ნატეხი ღამეები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი