ჩემებური ლოცვა


უფალო, შეგვიწყალენ, ბოლო დროს შევიცვალე, 
თავი ვერ შევიყვარე, სული ვერ შევიფარე, 
ჭრილობა შემიკარი, 
მე არ მსურს, შენ იყავი. 

გული ვერ განვიწმინდე, თვალები გამიწვიმდა, 
სხეული დამიმძიმდა, მიწაში ჩაიძირა, 
კრულვა ვერ ავიცილე, ცხოვრება გავიძვირე, 
სეტყვა შუბლს დავიშინე, 
უფალო შემიწყალენ, 
ტკივილი დავიჟინე.

განვიცდი უჩემობას, რაღაცა უჩვეულოდ, 
ვსაუბრობ უცენზუროდ, 
თუმც არ ვარ უკეთური, მაინც ვარ უბედური.

უფალო, ავირიე, სული კი ყვავილია, 
რომელიც ჩამოჭკნა და იმედი ამომჭამა... 
ბედს, ალბათ, ეს ენება, მწყურია შესვენება, 
გრძნობები მესერება, წინ მიდგას მესერები, 
მაღირსე შესვენება.

ბოლო დროს მახსენდება, სოფელი მახსენდება, 
გორაკთა მწვანე ხედი, ვარდების გამოხედვა, 
კვირტების აფეთქება, შიგ სულის დაფეთება,
ბეღურა ჩიტები და პეპლები ტიტებიდან... 

ჟრუანტელს თითებიდან ჩავყავდი მუცლამდე და 
ზღაპრის წიგნს ვფურცლავდი და 
ცხოვრება მიხაროდა, მზე ზეცას მიჰხალოდა , 
კვერცხს ჰგავდა ტაფამწვარს და 
გული კი ,მაჭარს სვამდა, 
დარდების ბორკილს ხრავდა,  
ქარიც რომ დაითვრა და ფარდებში აიხლართა. 

ბოლო დროს მახსენდება, სოფელი მახსენდება, 
ასეთად მახსენდება,
გორაკთა მწვანე ხედი, 
ბებია მახსენდება 
დაკოჟრილ თითებით და მზიანი გამოხედვით. 

დროც რადგან ვაგონია, დაბრუნდეს არ მგონია, 
შორს წარსულს ჩაჰყოლია ,ჩემს ფიქრებს ჩაჰკონვია, 
არაფერს არ მიგონებს, ცრემლებსაც წაიყოლებს, 
ღამეებს წაიყოლებს, ხვეწნას არ გაიგონებს, 
გულსაც არ შეიღონებს ჩემსას არ შეიგონებს...

...და მომდის გაჯავრება, 
სიბრაზის აჯანყება გადადის მოწყენაში 
და ისევ მოწყვლადი ვარ. 
მზე კია რა ნათელი, სხივების კამათელით, 
მზე, 
როგორც გამართლება, ზედ შუბლზე წამადგება, 

მადლობა მზის ხანია, არც ნისლის ტიხარია, 
სარკმელზეც მზის ხალია, მე ეს მზე მიხარია! 
მზე ,თითქოს, მანუგეშებს, სისხლს მისხავს საგულეში, 
ფეთქდება ალუბლებში, რადგან მზე ანუგეშებს,
იღვიძებს თავის დღეში, ცოცხლდება ჩემი ლეში.

შენ მაინც არ მოხვიდე, სულს რისხვა წავუკიდე, 
სულს გარეთ გამოვკიდებ, დაფლეთილს გამოვკიდებ, 
შენ ჩემთან არ მოხვიდე, ჩემით მსურს წამოვიდე, 
ჰო, შენთან წამოვიდე, 
ჯერ ჭიდან ამოვიდე..

ტკივილიც უაზროა, გულს ცუდად მოეზომა...
ტკივილის რელიგია ვერაფრით შემირგია. 
სხვაც ვეღარ დამაჯერეს, 
ვემდური ზღვას და ხმელეთს, 
ვემდური ზღვას და ხმელეთს. 
ვემდური ზღვას და ხმელეთს. 

არა ჩანს სანაპირო, ვერაფერს დავაპირებ, 
არ მიხსნის დანა პირებს,  
ვერაფერს დავაპირებ, 
ვერაფერს დავაპირებ,
არ მიხსნის დანა პირებს,
არ გვიხსნის დანა პირებს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი