დიად მოწყენაში


ასეთ ამინდების დიად მოწყენაში
ცაზე ჩაიარეს ღრუბლის ნახირებმა,
მე ვარ არაფერი,
შენ ხარ ყველაფერი,
შენ ხარ ჩემი გულის დიდი ახირება.
თანაც შეგიძლია ჩემი გაღიმება,
მაგრამ მე ღიმილით არვის ვუნახივარ,
გრძნობა მძიმეა და მაინც მსუბუქია,
ფიქრი დაკარგული თეთრი ულაყია,
შენი საყვედურიც ჩემთვის ამაგია,
არ გსურს შენი გულის გულზე დაჯახება,
ჩემი სიყვარული ტყეში აბრაგივით
მალე გაიჭრება, როგორც აჯანყება.
წვიმა სულმა შესვა ღრუბლის მაჭარივით,
ისე დაუქცევლად... გრძნობის მათრობელა.
რა ვქნა, გემალები ზოგჯერ ლაჩარივით,
აღარ გეკარები ზოგჯერ სათოფეზეც. 
ალბათ, ყველაფერი მაინც დალაგდება,
შენში დამეკარგა გონი და ლოცვანი,
მთვარე კვერცხია და როცა შუა ტყდება,
უნდა გამოჩეკოს დილა საოცარი.
ასეთ ამინდების დიად მოწყენაში
ცაზე ჩაიარეს ღრუბლის ნახირებმა,
მე ვარ არაფერი,
შენ ხარ ყველაფერი,
შენ ხარ ჩემი სულის დიდი ახირება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი