შორს გაგეცლებით
ჩემი სულია ქმნილება ელვის, ჩემი სხეული- გაქროლვა მერნის და თუ მზესავით ჩაქრება რწმენა, ვერ დავინახავთ ვერასდროს მერმისს. მსხვრევა მსურს კერპის... მე ჯოჯოხეთში უნდა შევიდე, სამოთხის მკვიდრნო, თქვენ მანდ შემინდეთ. თან წამიყოლეთ ,ღამის ქარებო, მასწავლეთ ქროლვა და მიშეგირდეთ, ბზარი შემივსეთ... ქარში ფრიალებს ნისლი აშარი, როგორც შვილმკვდარი დედის თავშალი. მე მომავალი გამოვიტირე, მაგრამ წარსული ვეღარ წავშალე. მტვრად გავიშალე .. და როგორც ზევსის ქანდაკებები, მსხვრევას იწყებენ ჩემი ფეხები, ღამე ყვავივით მოვაღრჩე ხელში, ნესტოებს ჩემი ცრემლით ვეხები. გულს ნაჯახები გამიფატრავენ, ვიცი უწყალოდ, გაქრობა მინდა ისე უბრალოდ, ბევრს ვლაპარაკობ სხვებთან ყოველთვის, საკუთარ თავთან მაინც უბრად ვარ, შევრცხვი უფალთან.. რა გინდა ჩემგან, რას მეფერები, ქარები დაკლეს როგორც ცხენები, ააგუნდავა მთვარემ სიჩუმე, მე დამცინიან ფილისტერები, ნუ მეფერები. ცხოვრება სახით ჩამოჰგავს ჰიდრას, ყურში კოსმოსის რღვევის ხმა მიდგას. მე ამ ხესავით ვარ მარტოსული, სარკეში ჩემი თავიც ვერ მიტანს, სიძულვილს ვზიდავ. შენ ჩემი ლექსი მოგწონს რომელი? მე აღარ მოვალ, ნუღარ მომელი, წაიღე ჩემი სხეული კაცის, ლოდად მამყოფე სვეტიცხოველის, ცეცხლად -კომეტის. ჩემი წყევლაა საზარი შიში, დავიბადე და მაინც ვერ ვიშვი ბედნიერების ცისარტყელებში, ვარ სიამაყე საკუთარ ჯიშის, შიში მაქვს ქიშის, ანუ მაქვს შიში დაშამათების. შიში მაქვს შავი ფერის ნათების, ზღვა ქარიშხლების მკლავებში ტირის, აღარც მირონი მინდა ხატების, დარდის მატების... ღმერთი წააგავს ძლიერ ბეთჰოვენს, შენვე მიხვდები რაზე ეტყობა, მე უბედური დავრჩი რადგანაც, ბედნიერებას სულ სხვა მეთხოვა, გავუწოდე და გამოვეთხოვე... ჩემში იღვიძებს გიჟი მოცარტი, ფიქრში ვისა და ვის არ ვხოცავდი. რეალობაში ვერვის ვიმეტებ, რეალობაში მე ვარ მოწყვლადი. დარდში - მოცლადი. ჩემი თვალები ,როგორც ძეწნები ისე ტირიან. სხვას არც ვეცდები, მე კორნაპელის ფენიქსზე ვჯდები და თქვენს სამყაროს ისე ვეცლები. შორს გაგეცლებით და ვარსკვლავების კანში შევძვრები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი