შიმშილი


რა მელნის სუნი ასდის სამყაროს...
თითქოს, პლანეტას ღერძი დაულპა, თითქოს ყანყალებს.
მინდა თვალები ცისარტყელის ცქერით დაკავდეს,
მე თეთრ ფურცელზე სანამდე კალმის წვერი დამკლავდეს.
ჯერ ზაფხულია, თბილ მოგონებებს ვიმარაგებ ცივი ზამთრისთვის,
დავიმახსოვრებ ამ იასამანს, -ამ ქარს, რომელიც არის არტისტი.
რა მელნის სუნი ასდის სამყაროს,
მინდა მოვიდეს ვინმე ნაცნობი,
მოულოდნელად რამე მახაროს.
მე გეტყვი მოკლედ,
კომეტებისგან ჯოხს გამოვჩორკნი
და პლანეტების ნახირს წავმწყემსავ.
მოლურჯო შუქს რომ იწველებიან,
ღია თვალებით,
დიდი თვალებით,
მარადისობის ნაპირებს რომ მიჩერებიან.
კანის წვით თუ გრძნობ ლექსების შიმშილს,
გრძნობებსაც მწვანე უნდა აუნთო..
გულის ბუდეში, როცა ბარტყივით ჟივჟივებს სული,
პირში ლექსები უნდა ჩაუდო.
თუმც ყველა ლექსი ბარტყივით ვერ დაფრთიანდება,
პლანეტას ძირი დაულპა და თითქოს, ყანყალებს.
რა სიცივეა... რა გულგრილობა,
რა მელნის სუნი უდის სამყაროს.
გარეთ ქარია უფერო და ჯერ ხელუხლები,
ხოლო ჩემს სახლში,
ჩემს სიმარტოვეს უკანკალებს თეთრი მუხლები.
ჩემო კეთილო, აბა, ჩემზე ვიღა იდარდებს,
აქ კურდღლებივით ატყავებენ როცა წმინდანებს.
ეს ღამის მწუხრი მსურს გავათენო,
უნდა ვიფიქრო: მინდვრებზე, მთებზე...
თითქოს, მე ვაარ დღეს საქართველო,
ხოლო ტაძრები მტრედებივით ჩამოსხდნენ მხრებზე.
ეს ქარი შენი ნაზი ხელია,
თითქოს ,აიჭრა ცაში ელია,
მე აღარასდროს მოვალ შენს სახლთან,
რადგანაც ჩემი გული ბნელია,
ვერ წამოდუღდა ჩემში ივლისი,
ვერ წამოდუღდა ჩემში სინათლე.
ეს ვარსკვლავებიც ფურებივით შუქს იწველიან..
გთხოვ, არ გეგონო ასეთი მუდო,
არც ჭკუით უნდო.
ბედნიერება მართლა მსურს და რაღაცა მიშლის.
ძვლებში ვგრძნობ ლექსის აწყვეტილ შიმშილს.
ამ წვიმის ტბორში ღამე მიდის, როგორც პოეტი.
აი, ეს არის პოეზია, აი, მომენტიც!..
დამიჯერე, რომ მიხვდები ერთ დღეს,
რომ ვგავდი მართლაც პოეტსა და წინასწარმეტყველს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი