ოხვრა


თვალი ფოთლებისკენ მზირალია
უყვარს მოყვითალო ზარნიშები.
მოდის ღამეების ტირანია,
მოდის ზანზარით და ქარიშხლებით.
გინდა განცდა „არქივარიუსის“
გხიბლავს ნახატებით კაჭარავა.
მოდის ღამეების ტირანია,
შენ კი, მარტო ოხრავ ფანჯარასთან.
დგახარ, აშრიალდი უნაბივით,
თუმცა შეხვედრები გადაიდო,
მინდა შენი სევდა უნაპირო,
თავზე წვიმასავით გადავივლო.
მინდა შენი გრძნობით აფეთქება,
შენი სატკივარი მიწყალობე,
ხვალე ლურჯი დილა გათენდება,
შენ კი, შაშვებივით იგალობებ.
თითქოს, ანგელოზი მოგველანდა,
ზეცა, თითქოს, ლურჯი შატილია.
ქარი შემოდგომის მოგელავს და
ხენი სასაფლაოს დასტირიან.
მახსოვს შენს თვალებში სევდა ჩანდა,
შენში სევდის ზღვაა განფენილი.
მალე მივადნები მიწის შანდალს,
შენი დანთებული სანთელივით.
გინდა განცდა „არქივარიუსის“
გხიბლავს ნახატებით კაჭარავა.
მოდის ღამეების ტირანია,
ისევ მარტო ოხრავ ფანჯარასთან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი