აგიბალახდა ისევ მოწყენა
თეთრ ყელთან ფრენენ ბასრი დანები, მეფენიც დავწვი, მათი_ ვერსალიც. დადარდიანდენ ჩემი თვალები გალაკტიონის ბოლო დღესავით. გინდა მოუხმო წმინდან კოპალას, დევებთან ბრძოლა მხრებზე აჰკიდო. თუმც ამ დახუჭულ თვალთა გადაღმა ჩანს საიქიო_სულთა სამკვიდრო, შენი ცხოვრების ყვითელ წიგნიდან გინდა ყველა დღე ერთად ამოჭრა. თითქოს, გჭამს ჭია სადღაც შიგნიდან და გეტკბილება ყელის გამოჭრა. შენი გულიდან დამთავრდა სისხლი, სისხლის მაგივრად წვეთავს რითმები, ამიტომ ზოგჯერ ქარად და წვიმად, ზოგჯერ ჩამქრალ მზედ გარდაიქმნები. მოჩანს სიბნელე სამყაროს არსად, ვაშლივით გინდა მთვარის მოწყვეტა და სასაფლაოს საყდარის მსგავსად აგიბალახდა ისევ მოწყენა. ჩემს თვალებს ყველა მნათობს ვუღებდი, მე მინდა ახლა მეტად ყველაზე, ჩემი მკლავები, ჩემი გულ-მკერდი სიკვდილმა თარგმნოს მიწის ენაზე. დარდს ვენახივით მაინც გავსხლავდი, რომ შემძლებოდა. დარდს შენს თმებიანს... ცის ქვაბში ყრიან ახლა ვარსკვლავნი და ხინკლებივით იბერებიან. იწვის და კვდება ჩემი ქვეყანა, აღსასრულამდე არაა ბევრი... კავკასიონის მთაში ჩაჭედილ ამირანის ძვალს მოადგა ცრემლი. თუ გული მოკვდა მაღლა აწიეთ, ნუღარ ჩამარხავთ ამ შავ მიწებში, იქნება, იქცეს კუბო არწივად და გაგვაქანოს მაღალ სივრცეში. წუხელ ქუჩაში ქართა კოწოლით, შავ სიბნელეში და უცხო ტომთან, მათხოვარივით იჯდა ფოთოლი და მუხლებიდან ჩემს სტრიქონს ქსოვდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი