რაც კარგი იყო


შავი ღრუბელი წვეთებს მაწვიმებს,
ამ მოწყენასთან მინდა დამაბან.
სისხლს უმოწყალოდ გაგინაწილებ,
რომელიც უკვე ძარღვში ჩამალპა.
დავოსდი ისე, უკვე რთულია
და გვიანია ყველა ნიღაბი.
მე დამავიწყდა უკვე სრულიად,
ადრე როგორი კარგი იყავი.
რწმენა ბალახის მსგავსად მოცელეს,
ათას წლის მკვდარი მე ვარ მუმია.
ჩემს მკერდში, სადაც გული მოვძებნე,
სიცარიელე ძგერდა სრულიად.
ჩემი უბედო ბედიც კრულია,
ლახვარკრულია ყელი წითელი.
ჭიქა საფერავს ხელში ვიკავებ,
ჩემს თავს უფსკრულის მხარეს მივდენი.
რა გინდა ჩემთან, თავგზას აგირევ,
ძვრას ვეღარ ვუზამ ამ მძიმე აზრებს.
ყველა მოკვდავს და უკვდავს ვაგინებ
და თავდახრილი გავივლი გზაზე.
დამტვრეულ ანკესს ვუტოვებ ჭალას,
ამ ტვინში რწმენა ვერ ჩამეტია,
მთვარის საზარი სიჩუმე მზარავს
და სულს მიბზარავს ორნამენტიანს.
სისხლით შემივსო პაოლომ ყანწი
დიდი ხნის წინათ...
ხსოვნაში ჩამრჩა..
წინ არაფერი იქნება აწი,
რაც კარგი იყო ზურგს უკან დამრჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი