ცაში ნასროლი ყვავილივით დაბლა დავეცი
ცაში ნასროლი ყვავილივით დაბლა დავეცი და თხუთმეტ წუთში სული დაბერდა... მიშველე-მეთქი, გითხარი და ხმა არ გამეცი, სადღაც შორს ცრემლის ნაღმებთან კი, დილა აფეთქდა. მე მინდა მხოლოდ მთვარისფერი ცეცხლით ვიწვოდე და ვქანაობდე ლიცენციის ქარში სრულიად. შენ ნუ შემოხვალ ამ ჩემს ოთახში, რადგან იცოდე, ჩემი ცრემლებით ეს ოთახი დანაღმულია. მე ვარ კუბოზე ჩაჭედილი ქალის ტირილი, ინდური ღმერთი -მრავალხელება, სარკის წინ ვდგები და სიმწარით ვუმზერ ჩემს სახეს, რათა წვერივით გავიპარსო ბედნიერება... რათა მუხლებზე გარდაცვლილი გული მესვენოს.... კოსმოსი მკერდზე ჩამოკეცილა... ხო, არასოდეს არ დანებდე სანამ ცოცხლობო,- (სანამ ცოცხლობო) ასე მითხრეს, მე გამეცინა... და როცა მძინავს ჩემი სევდა ჩემი გვამიდან დგება და ჩუმად დასეირნობს ფანჯრის რაფაზე, მე როცა მძინავს ჩემი სევდა დგება გვამიდან, მერე გვერდიდან მე და ვარდისფერ მთვარეს გვაფასებს... აქ, ჩემს თვალებშიც არის ღრმა ხედი, (ასე მგონია, დაე, მეგონოს,) ათქვირებული თეძოებით მოდის ქალღმერთი, მარად უკვდავი ბაგეებით რომ დამეკონოს. სასოწარკვეთის ზღვის დონიდან ას მეტრზე დაბლა ჩემი სოფელი არის, სადაც ვხტები ხიდიდან, მოღალატე ვარ საშინელი, უნდა გამოვტყდე უშნო სიცოცხლეს ვღალატობდი ლამაზ სიკვდილთან. -- ცაში ნასროლი ყვავილივით დაბლა დავეცი და თხუთმეტ წუთში სული დაბერდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
რა კარგი ლექსია!