ამიერიდან ვეღარ გატკენენ!


გტკენენ, გტკენენ, გტკენენ და ბოლოს ხვდები, რომ უკვე იმდენჯერ გატკინეს ტკივილის შეგრძნების უნარიც დაკარგე..
თითქოს, გაირინდე, გაქვავდი საკუთარ უბედურებაში, მორჩა იმდენჯერ გატკინეს უკვე, რომ ამიერიდან აღარც გტკივა და აღარც გიხარია. 
ამიერიდან ვეღარ გატკენენ!
მორჩა უკვე ჯანდაბაში გაუშვი: ღმერთიც, ეშმაკიც, ადამიანიცა და ბოლოს საკუთარი თავიც, ფილოსოფოსებიც კი, რომლებსაც სისულელეების გარდა არაფერი დაუწერიათ. 
შენ ტალღასავით აზვირთდი, ადიდდი, ადიდდი და მერე საკუთარ თავს შეეჯახე ისე, როგორც ხმელეთს,  
საკუთარ თავის ქალას გადაუარე ტალღასავით, იმ თავის ქალას, რომელზეც პატარა ფიქრის ქოხები იდგა, ერთიანად ყველაფერს გადაუარე და მილეწ-მოლეწე . ეს მაშინ მოხდა, როცა ტალღად გადაიქეცი...
დაბადებიდან მიწას აშრები ორი უიღბლო შეყვარებულის ცრემლივით.
გინდა, რომ იყო ხანდახან სუსტი, ხანდახან დილით ლოგინში არ გინდა თვალების გახელა, მაგრამ იცი, რომ მაინც უნდა ადგე და ითამაშო ყველას თვალწინ ვითომ ცოცხალი ხარ, თან ეს მაშინ, როცა შენში დაფლეთილი გულის ნაწილებიღა ფეთქავენ.
დამიხსენი ჩემი არსებობიდან! 
უფერო სულო, ამოდი ჩემი თვალებიდან , მერე ჩემი თვალების ქუთუთოებზე ცერებზე შედექი, გაშალე ფრთები და გაფრინდი ძალიან შორს, არა აქვს მნიშვნელობა რომელი მიმართულებით წახვალ, მთავარია ძალიან შორს წახვიდე, იარე წინ, სულ წინ იარე და არ მოიხედო უკან აღარასოდეს.
ჩემს მლაშე ცრემლებს სვამს მთვარე, სვამს და ერგება კიდეც, სვამს მთვარე ჩემს მარილიან ცრემლებს და თან ისე ფილტრავს, როგორც აქლემის ფილტვები ფილტრავს ზღვის მლაშე წყალს მარილისგან.
ჩუმად იყავი, მალე ჩემი სიკვდილი დაიბადება ,რომელსაც ჩემი სიმარტოვისფერი თვალები დაჰყვება.
დაბადებისთანავე ტირილის მაგივრად გამიცინებს, მეც შევცინებ მას დანახვისთანავე და ჩემს სულზე უფერო სიმშვიდის ტყე ამოიზრდება მისით და იშრიალებს უკუნისამდე..
ჩემო უფერო სულო, ამოდი ჩემი თვალებიდან... რათა მე თაფლივით სუფთა და გამჭვირვალე გავხდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი