ვერ ამოყვავდა


გიურზას შხამად ფეთქდება ყელში
სიტყვა, რომელიც ვერ ამოყვავდა.
მომპალი მთვარე ბჟუტავსღა ბნელში,
სასოწარკვეთა ფანჯრით მოქარდა..
როცა საწოლზე ვწვები გულაღმა,
მოჭრილ ბალახის სუნი მდის მაშინ.
უდაბნოს ვგავარ გადაულახავს 
და ვიმალები ქვიშიან ქარში 
ისევ აქლემის ქუთუთოს უკან...
ჩემი სახე ჰგავს დახეულ რუკას.
წონასწორობა გამოშიგნული 
თევზივით გდია ჩემს სამყოფელში.
მინდა წავიდე, სადაც ღმერთია,
ატმებით სავსე ლამაზ სოფელში.
სადაც ცეცხლისფერ მამალი ფრთებით
კვლავ გახლართულა ნარღვევ ღობეში...
ირმის ხორცი ვარ ვეფხვის კბილებში,
და ძლიერ მინდა ვინმემ მომწამლოს ,
რომ მივიცვალო და დავინახო
თვით უძრაობა როგორ მოძრაობს.
ჩემი ყელიდან გასროლილ კივილს,
შორს ,ვენერაზე, ვულკანი მოსდევს.
მთელი სიმძიმე მომყვება კვირის 
და ვირგებ ბოლოს ჯამბაზის კოსტუმს.
ჩემი პირიდან სწრაფად იზრდება
ურწმუნოების მაღალი მუხა.
რაც არ ყოფილა, მასზე ვგიჟდები ,
რაც არ მინახავს იმაზეც ვწუხვარ.
ალბათ, სიკვდილის გზატკეცილი ვარ,
ავტომანქანის ათასი ჩონჩხით..
ვიჩხირკედელე უკვე საკმაოდ
და ამ უაზრო ფათურსაც მოვრჩი
-------
გიურზას შხამად აფეთქდა ყელში
სიტყვა, რომელიც ვერ ამოყვავდა....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი