მსხვრევა


ჩემს დამპალ ყოფას არ ვეკრძალები,
ღამე მთვარისფერ ქუთუთოს ამხელს
და ანგელოზთა თავის ქალებით
ამომიშენებს გლოვიან ნაღველს.
ჯოჯოხეთი კი, მოჩანს ძაბრივით
ვირგილიუსის აწეულ წარბით.
საღამოები ქარებს აბნევენ,
შრიალებს ეზო მაღალი დაფნით.
ფიქრი მაქვს დამპალ ლეღვის სადარი,
ვეღარ გამოვალ ჩემი კომიდან,
და მეათასედ მოდის ზამთარი,
როცა ზაფხული ორჯერ მოვიდა.
მკვდარი ცხენივით ვგდივარ მიწაზე
და ჩემი სისხლით პლანეტას ვათბობ,
რომ ამ ქარებში არ გაიყინოს,
არ დაემსგავსოს გაყინულ ტატნობს...
მე თითებს მხოლოდ შენს თმებში ვმალავ
და მომავალში ვიტყვი ამასვე.
ჩემი კივილი ეს არის დანა,
რომლითაც ღმერთის ყელი გავბასრე.
ჩემი მტერი კი, ისევ მხნედ არი
და ხმელ ფოთოლთა მიტევს ჯარები.
მოვიდა ღამის შავი მხედარი,
რომ კვლავ დახოცოს ჩემი თვალები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი