მე ვიწყებ ვარდნას
ჩემი ტკივილი გაიწელა სქელი თაფლივით, დიდი ხანია, ჩემს თავს ვეღარ ვაკორექტირებ... დანტეს ჯოჯოხეთს ვაკვირდები, მოჩანს ძაბრივით, ღამის თვალებში ვარსკვლავების ვხედავ წერტილებს. გულის მაგივრად მკერდში წვიმის წვეთი გამისკდა და ბნელით მოცულს ჩემს გონებას სძინავს გულაღმა ამოვიშანთე ჭრილობები და ამ წამიდან, ვგავარ უდაბნოს ქვიშიანს და გადაულახავს. მზე ვეღარ ათბობს რა ხანია, გულის მყინვარწვერს, ჩემი თვალები მიეყინა მიწას მატლიანს, ჩანს ლუციფერის მინაორთქლი შიშის მინაზე, ჩემი ცხოვრება თავი ბოლო შავი კადრია. დალის ნაწნავში გაიბლანდა მთვარე ბუზივით და ცის ქალღმერთის -ნუტის ძეს ჰგავს შიში- ოსირისს... ფიქრი, სამსჯავრო, სასწორები გულით იხრება.. აღარ მაქვს სულში რწმენა, ხოლო ხელში -კოზირი. ვინა ვარ ნეტავ, კალენდარზე ნეტავ რა დღეა, მდინარეები მოოხრავენ ქვებზე შხუილით, თითქოს, აბრაგის ცხენი ვიყო ფერდში ნატყვიარს ვუძლებ და არ მსურს სიცოცხლეზე მითხრან ტყუილი... ისედაც ვიცი, რომ ქორივით მოქრის სიკვდილი, ადამიანებს რომ იტაცებს წიწილებივით. ჩემი ტკივილი გაიწელა სქელი თაფლივით და ჩემს იმედებს, ჩემს თეთრ მკლავზე მიძინებიათ. ან შენ სადა ხარ, ჩემო კარგო, ნეტავ რა მოგდის, რათ მოხდა ასე, რომ შენ ჩემთან აღარ გინდება ?! მე ვწევარ მარტო საწოლზე და სული ამომდის და ანგელოზის ლურჯ თვალებში ცრემლი მწიფდება. ღმერთის ვენახი დაისეტყვა - კაცობრიობა , თავგაგლეჯილი ყრია ახლა ხალხი ქუჩებში. ღმერთის ვენახი დაისეტყვა - კაცობრიობა და გატეხილი მთვარე უჩანთ თვალის ჭურჭელში. გაჩუმებამდე მიაღწია სასოწარკვეთამ, უსიტყვო შფოთვამ დამიმტვრია მკვრივი მაჯები. ვიღაც მოვიდა და სისხლიან ხორცში ჩამკეტა, მე აქვე ვკვდები და არაფერს არ გეაჯები. და ვიწყებ ვარდნას ჯოჯოხეთში.. მოჩანს ძაბრივით... ჩემი ტკივილი გაიწელა სქელი თაფლივით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი