ჟ. ა-ს
აღარც კი, მახსოვს რამდენი ოცდა... ტანჯვით დაღლილი წელი გავიდა. დილით ჩემს თვალებს სიზმარი მოწყდა და ჯოჯოხეთი დადგა თავიდან. მაგრამ შენ ჩემთან უცებ მოხვედი, ქალი პოეტი მძიმე სონეტით და კაშკაშებდი ისეთი შუქით, რომ დაღლილ თვალებს ვერ გისწორებდი. მოხვედი ჩემთან მხარზე შემეხე, დაჯექი გვერდზე თმების სწორებით, გარეთ დაბერა ოქტომბრის ქარმა და გადახარა მარცხნივ წნორები. ვგავდი ხიდიდან გადამხტარ წვიმას, და თურმე დარდი ბავშვსაც აბერებს, ტყვიანაკრავი ირმის ყელივით სდიოდა სისხლი მაშინ ღამეებს... ჩვენ ყველაფერზე ვილაპარაკეთ და ახლა ვირჩევთ სიჩუმის დეკას და არტერია ცეკვავს შენს ყელზე რაღაცა გიჟურ და გაბმულ ცეკვას მე არმაზი ვარ ჯვარით ნალეწი, ჩემმა ბოდვებმაც ,ვიცი დაგღალა. სამოთხის მზესაც გაუსკდა გული და ჩვენს წინ ლურჯი სისხლი დაღვარა. გვერდით ვიღაცის რისხვა დამყვება, მსურდა სიკეთის თესლი მენახა. რაღაცას თუ აქვს აზრი ამ ქვეყნად, ვგრძნობ, ის რაღაცა მხოლოდ შენა ხარ. ახლა შენს გვერდით მიყვარს სამყარო, აღარ მოვჩანვარ გამწყრალ ღრუბელად. ის ბავშვი მიყვარს, ბინის ეზოში ბაბუაწვერას სულს რომ უბერავს. მაგრამ როდესაც წერას გადავწყვეტ, მივმართავ ჩემში ტკივილს უმწიფესს და ჯოჯოხეთის მთვარედ ვიქცევი დავეკიდები თმებზე ლუციფერს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი