სიმშვიდეშერეული ქაოსი


მოფრინავს ქარი და ყვავივით დამძახის:
,,აიღე კალამი და რითმებს შეები!,,
ვასრულებ თხოვნას, რომ არ გავხდე საძრახი,
უფსკრულნი მიღრენენ პირქუში კლდეებით.
და სულში ტირილით შემოდის საღამო,
მას ქალის ფორმა აქვს მზერით ვერ გაძღები
მაღალი მკერდი კი მიუგავს ბროწეულს,
რომელშიც ჩამსხდარან სიტყვების მარცვლები.
ტერენტის მთვარეა მართლაც 
და ბებერი,
დამშრალა მდინარე მოლურჯო სამოთხის
და ჩემში ღრიალებს ათასი ცერბერი,
რომელიც სულიდან ყველა ცრემლს ამომთხრის
ის გული,რომელიც შემთხვევით წამომცდა,
დაეცა მიწაზე და მაინც მწიფდება.
ყვირილი, რომელიც ყელიდან ამომსკდა,
სასასთან აყვავდა მუქ ევკალიპტებად,
ფოთლები მოუჩანს ცვილისებრ ფიფქებით,
ყვავიან სასასთან ამ მეჩხერ კორომში,
აქამდე ვერ მიხვდი, ვერ გარდავიქმნები,
ვერაფრით შევძვრები სიმშვიდის სოროში.
შენს ლამაზ თვალებშიც მე ზოგჯერ არა ვარ,
ან ფრაგმენტული ვარ და გაელვებული.
უხილავ ცელიდან ტკივილმა ამლაგმა,
უფსკრულში ჩავარდნილ და ჩავიწყებული.
როდესაც მინდები, როდესაც მეწყები,
ვგრძნობ ჩავიმეწყრები და მჩემობს ღვიძილი...
მზეებზე გავაშრე თვალების ზეწრები,
ისეთი ცრემლი ხარ ,რომელიც იცინის....
სიჩუმე მაღალი და პირამიდული
ჩემს ირგვლივ, გარშემო ჩნდება და ტრიალებს.
მე ვაარ მცენარე და ჩემი ფოთლები
შენიდან გამხელილ წვიმებში შრიალებს.
არ ვუსმენ ადამის ცოდვადქმნილ ნაშიერს,
ყურს ვუგდებ ქარებს და წვიმებს და ბალახებს...
და სული ეს არის მუმია, რომელიც
ძვლებით და მყესებით შეკრეს და დამარხეს.
და ძილი მოვიდა, როგორაც ქალწული
და ჩემში შეაღო სიზმარის ფანჯარა.
მე დიდი ხანია არაფერს არ ვწუნობ,
და მიყვარს სამყარო -
სპარსული მაჯამა.
მიწის შავ ფრჩხილებზე ყვითელი ფოთლები
სხდებიან, მოჰგვანან ფიქრისგან დაოსილთ.
მე ვაარ კარები, რომელშიც შემოხვალთ,
და ვცხოვრობ სიმშვიდეშერეულ ქაოსში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი