მსხლის ხე
სიცოცხლის მინდორი ვარ და ჩემზე სიკვდილის ხარები ბალახობენ, თითქოს, გველი ვარ, რომელიც არწივის კლანჭებში იკლაკნება. თითქოს, ყვავილიც ვარ და მგონია, რომ თუ წყალს მომაკლებენ დავჭკნები , ხოლო თუ გადაამეტებენ - დალპება ჩემი ფოთლები. ამიტომ მიყვარს დაღამება, როცა ჩემს წამწამთსაქანელაზე სიზმართბავშვები ქანაობენ. დაღამებისას მთა ვარ ფიქრიანი ფერდობებით, გარეგანად გაღიმებული ყვავილებით , ხოლო შინაგანად -მომაკვდავი. ამოვიღე სხეულიდან და ფურცელზე დავაწვინე ჩემი მომაკვდავი სული, ეს იმიტომ მოხდა, რომ მზე ვერ შევიდა თვალების ოთახებში. იქნებ, ბედნიერება მხოლოდ და მხოლოდ ტყვიანაკრავი და მთიდან დაგორებული ირემია და მეტი არაფერი. მოწყენა მოჩანს მაგდალინელის ტირილით დასიებული თვალებივით. მოვა გაზაფხული და ხეებზე რძესავით წამოდუღდებიან კვირტები, მე კი, ვიგრძნობ რომ წელიწადის ოთხივე დრო გახდა უაზრო და არაფრის მომტანი. იქ, სადღაც წარსულში, ღამეა და მოჩანს ზამთრის სოფელი, სოფელში დგას ერთი სახლი ჩაბნელებული ოთახებით, შიგნით გვძინავს საბანში თბილად შეფუთნულ ბავშვებს, უშფოთველად, ოთახში თვლემს ნაკვერჩხლებმინავლული ღუმელიც... სახლის უკან კი, დგას მსხლის ხე სრულიად შიშველი, შეციებული და შეშინებულიც, დგას ძილბურანში და კანკალებს, მხოლოდ ეგაა, რომ ხანდახან სიცივეც სიზმარეული ჩვენება ჰგონია... დგას გათოშილი და თვალები ეხუჭება, ჩვენ კი, ვერ ვგრძნობთ ხის ტკივილს, რადგან არ გვადარდებს.. ჩვენ უბრალოდ თბილად ვწევართ ჩვენს საწოლებში და გვძინავს... გარეთ კი, ძლივსღა დგას ძილბურანში მსხლის ხე , რომელის ტოტებზეც: სიფხიზლე, ძილი და სიცივე შეფრენილან ბოროტი სულებივით და ერთმანეთს ებრძვიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ... სახლის უკან სცივა მსხლის ხეს და სოფლის ბოლოს სასაფლაოზე, სამარეში სცივათ ჩვენი პაპების ძვლებსაც.. სიბნელე ტირის და ტირილით უსივდება სიჩუმისფერი თვალები, მთელი სხეულით თრთიან სინგურისფერი ყვავილები. მოწყენას თმებივით წამოეზარდა ნაძვები და ოხრავს ღამე, როგორც აკაკი გეწაძის ,,იორდანე,, თითქოს, მსხლის ხისგან მეც გადამედო სიცივე აქ, აწმყოში. უცებ მეც ამიტანა სურვილმა, უყოყმანოდ დავწექი საწოლზე, შემდეგ მოვიკუნტე ემბრიონის პოზაში, ალესილ სიჩუმის დანით, ცალ მხარზე წამოწოლილი ძილი გამოვფატრე ცხენის მუცელივით და მის სიმშვიდისფერ შიგანში შევწექი გასათბობად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი