*** (ნონა ფიფიას)


სინჯი ამიღე, ისეც იცი შენი შვილი ვარ,
სინჯი ამიღე, ამ სულიდან, 
თუ დეენემი...
რა საჭიროა, ჩვენ ერთი გვაქვს გულის მერქანი,
მე ისიც ვიცი, ჩემს დედობას ვერ შეელევი.
მე შენ გიგრძენი, როგორც ჩემი მეორე დედა,
მე დაგრჩი, 
ანუ 
არასოდეს იქნები მარტო.
ბუდას პატარა ქანდაკივით გატეხილ გულში
შენ შენს გაფრენილ ანგელოზზე ყოველწამს დარდობ...
ჯერ კიდევ ბავშვი, შენ ელოდი 
საშველად ქრისტეს,
გაჭაღარავდი და ლოდინის კვლავ ცვივა თოვა.
და ჯოჯოხეთის კარიბჭეზე წარწერას ამჩნევ:
„ძვირფასო ნონა, არასოდეს არავინ მოვა“...
ზამთრის მთვარეზე გაიჭერი მაღალი ყელი,
მე ვნახე შენში დარდმა ჩხამი როგორ დათესა.
მე შეგიცანი და მაშინვე მივხვდი, რომ თურმე
სისხლისმიერზე მეტად ვტირი _
სულით ნათესავს.
შორსა ხარ, 
მაგრამ ან სიშორეს, ან სიახლოვეს,
კილომენტრებით არ ზომავდა არასდროს ბრძენი.
გიყვარს სამშობლო, როგორც პოეტ ანას უყვარდა,
მასაც ნატრობ, რომ დაიზარდონ ალგეთის ძენი.
და როგორც არის ერთ ტილოზე, ნახატი ვაშლი,
უყურებ დიდხანს და იზრდება თვალის ჭიქაში.
ზუსტად ასევე, 
ჩვენი დარდიც, 
ჩვენი გრძნობებიც,
ჩვენი ტკივილიც 
არის, მუდმივ დინამიკაში...
მე ალბათ, შენი შვილი უნდა ვყოფილიყავი,
მაგ გულისა და შენი სულის, სისხლის ნაფოტი...
და როგორც ლადოს აქეზებდა საფოს რომანი,
მე შენი ლექსით შეუცნობელს მივესწრაფვოდი.
მე ვიცი, როცა მარტო რჩები გულში გველი გყავს,
სიმწრის გველები.
არასოდეს იქნები მარტო!
ამ ჩემი ლექსით შევერთდებით სამარადისოდ,
ოცდამეერთე საუკუნის - საფო და ლადო ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი