მთვრალი სინამდვილე


მთვრალი სინამდვილე ვარ და  დახოცილ ანგელოზთა თავებთან მძინავს...
შენი დუმილი შავი თაფლია, რომელიც ტანზე მისვია,
ამიტომაც მოწყენისფერი ფუტკრები მნესტრავენ. 
ხე ვარ, შენ რომ უთუოდ მოჭრი..
ტკივილის ლურჯი ვეშაპი იღვიძებს და მუცელში დაცურავს....
როცა ჩემი სხეულიც დაირღვევა, როგორც ეკლესიას მიშენებული საქალებო, 
სიჩუმის თავთავებს ხორბალივით მოიმკი..
ღამის შავი ლოდებით იფარება ხორბლისფერი ჩემი თითები,
ამ თითებს წიგნის ფურცლებში ჩაუყვინთავთ..
ვზივარ და ვკითხულობ რილკეს ,,სონეტებს ორფევსისადმი ,,
მოდის სიგიჟე აუტანელი ფსიქიკური პეიზაჟებით...
კითხვაც მბეზრდება
და 
წერის დროსაც მბეზრდება გადაჭარბებული გრძნობები, 
ვცდილობ ისაკავასავით სულ ერთი დეტალით გადმოვცე სურათი,
ანუ მინდება 
ლაკონიურობის ლარნაკში რომ ჩამდონ, თეთრი ყვავილივით.
ხსოვნაში ჩამრჩი, გეგონება ერთ ცივ ღამეს დამესიზმრე 
და მერე ცხადში ვეღარ შეგხვდი.
აქვე ვირგილიუსისა და ჰესიოდეს წიგნები აწყვია გვერდიგვერდ, 
ისე,
თითქოს, ორი ღმერთი ერთმანეთს ხოცავს...
ჩემი ფრაგმენტული სიხარულიც კოჭლია, 
როგორც არათანაბარხმოვნიანი რითმა,
რომელიც ასევე იწვევს ხოლმე სტრიქონთა სიკოჭლეს.
თავი ვანებე პლატონს 
და ლერი ალიმონაკის ნათარგმნ ,,დაო დე ძინს,, ვკითხულობ ახლა, 
მინდება, ვიყო უბრალო, 
როგორც ქვა 
და არა ელვარე, 
როგორც ალმასი.
ატირებულ შუბლზე ქაოსის ღრუბლები ისვენებენ,
ჭრილობა ჩახეულა ძვლამდე, 
ხოლო სიკვდილის ცელი გადმოხრილა ხერხემლისაკენ.    
ასე მგონია, 
მთელი ცხოვრება პიცას დავატარებ 
და პიცის ტარებიდან ვერ გადავედი იმაზე, რაც მე მეკუთვნოდა...
წყალი ვარ, რომელიც ზემოდან მშვიდია, ხოლო სიღრმეში -ბობოქარი.
როცა კედლებს უნდათ ჩემი დახრჩობა ,
ოთხივე მხრიდან იწევენ და ძარღვებანათრთოლ ყელში
ნესტიან ხელებს მაბჯენენ...
ჩემი მოწყენა მოჩანს ტექსტში გაპარული სტილისტური ხარვეზივით,
რომელიც ვერა და ვერ  ჩავასწორე.
ვიჯექი მარტო, მოხრილი, 
შემდეგ წამოვდექი და ისე შევბარბაცდი,
მეგონა, შავმა ხელმა უცებ კოსმოსში მტყორცნა,
მერე კი, ხორბლისფერი შუბლით გავარღვიე დედამიწის გარსი 
და უწონობაში კუნთების ატროფია დამემართა.
შევიჯავრე ქალაქი, 
მძიმე ინდუსტრიით, 
ვეება ახალშენებითა 
და ფანტასტიკური ტექნიკით.
ნაცვლად,
მოვინატრე პატარა, სულ რაღაც შენი გულისოდენა სოფელი, გიჟი მდინარითა და პატარა სახლით, მოვასწარი და იმ ეზოში მოსეირნე ცეცხლისფერი მამალიც შევიყვარე... 
ასეა,
ყველაზე მეტად ცეცხლისფერი მამალი შევიყვარე 
დასიზმრებამდე სიყვარულით...
მაინც...
ცრემლები იქცნენ უფერო გველებად , შემომეხვივნენ წელზე
და მთელი ტანი, თითქოს, იმ ქაღალდივით დაჭმუჭნეს,
რომელზეც ახლახან რაღაც დავწერე, შემდეგ კი, 
ისევ არ მომეწონა და მოვისროლე.. .
ასე ვფერმკრთალდები გაქრობამდე,
და... აი, უკვე სხვა სცენაზე გამოვდივარ,
მშვიდობით, ყოფიერების ჩამუქებულო სცენებო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი