მე შენგან მოვწყდი


ღრუბელი წვება ცეცხლმოდებულ კარმელის მთაზე, 
მე კი, რძესავით მოვადუღებ ხეებზე კვირტებს, 
მზენი ჩავლენ და მთვარეები ამოვლენ ცაზე... 
არა მგონია, ჩემი დარდი რომ რამედ ღირდეს... 
თითქოს, ჰელიოსს გაუჩერდა სინათლის გული, 
გზებზე დავდივარ მოწყენილი ვუყურებ ბინდებს. 
სულ ყველაფერი უაზროა, ქაოსი- სრული, 
არა მგონია, ჩემი დარდიც რომ რამედ ღირდეს
და ძაბრის ფორმის ჯოჯოხეთში ვარდება შიში, 
ეჰ, ნეტავ ახლა ერთად ვიყოთ, 
მინდვრებში წვიმდეს. 
მე ფოთოლივით შენგან მოვწყდი და სხვაში ვიშვი, 
არა მგონია, ჩემი დარდი რომ რამედ ღირდეს 
და ახლა სუნთქვის აჩქარება აქანებს წამწამს, 
ვუყურებ: 
ოთახს, 
დასვრილ ფურცლებს, 
დახეულ წინდებს... 
თეთრ მკლავებში კი, ატირებულ სამყაროს ვარწევ, 
არა მგონია, ჩემი დარდი რომ რამედ ღირდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი