ცრემლის წვეთი ,ანუ ჩემი უფერო გარსი
ქვესკნელს, შუასკნელს, და ზესკნელსაც ეფეთებიან გულის ბზარიდან ამოხრილი ჩემი ვნებები. მთვარის სხივები ხვლიკებივით მაცოცდებიან მხარზე და მარყევს ტვინთა დიდი აფეთქებები. მგელის მუხლივით გაბზარული მალა ხერხემლის ისე ქვითინებს გული წყდება სუსტი ძაფიდან... რა მიზეზია ,რომ ზღაპრიდან ვეღარ მოხვედი, ვენერასავით რომ ვერ იშვი ზღვათა ქაფიდან. თავის ქალაზე მოხვეული წვიმის მატრიცა... რუსთაველი კი, გულწასული სიზმრის ფერია, გაგიჟებული ჩემი ლექსი დაფრთხა ცხენივით და მომალანდა საიქიოს რასა მღერიან... იქნება, ზეცაც ციხე არის, ღმერთიც ჩაკეტეს, დღესაც თავდახრით ვერ შევედი დაბალ ტაძარში, ხაიამივით თიხისაგან ჩიტებს ვაკეთებ, მერე სწრაფად რომ ავაფრინო ცისფერ ლაჟვარდში... როცა უილიამ ბლეიკიდან ვეფხვის პოემა გადმოდის ჩემთან, რომ უღრინოს სულის მშვიდობას, მე ასეთ ღამეს ვრწმუნდები ,რომ მართლა ნოე ვარ და წყალდიდობის ნაცვლად ვებრძვი აქ - ლექსდიდობას.. დღეს მარწმუნებდი: ,, გატეხილი ნივთი არ ვარგა, რომ არასოდეს დაიბლოკო ლურჯი ბედიდან,, ამ ოთახიდან კი, გავიტან ნივთებს გატეხილს, მაგრამ ვერ გამაქვს გატეხილი გული მკერდიდან... დღეს მომერია სურვილი, რომ ვიყო კახეთში, პურეული , თუ გულეული ვლეწო კალოში.. სიკვდილი არის ,ალბათ, როცა გულს შეუძლია, პეპლად იქცეს და გადაფრინდეს სხვა სამყაროში... დგას ცრემლის წვეთი, როგორც ჩემი გარსი უფერო, ბალახივით რომ ვშრიალებდი ღამემ მომცელა... მთვარის სხივები ხვლიკებივით შეცოცებულან ჩემი ოთახის კედლებზე და ყელს მჭრის მოწყენა. ჩემი თვალები ამომშრალი ჭები გამხდარან , ლაზარესავით მატლი მჭამს და სუსტ ძვლებს ათხელებს, და ჩემი მხრები მოცელილი ბალახებივით ყრიან საწოლში და ოხრავენ მკვდარ ცისარტყელებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი