კაკლის უღელი


დედამიწა დაფეხმძიმებული პატივმოყვარეობით...
თან ისე წვიმს, თითქოს, ცაში გაფრენილ იესოს მიწაზე მიღებული ჭრილობები ასტკივდა .
გაფრინდა სული მსუბუქი ,როგორც კაკლის უღელი.
მარტო ვარ 
და ვარ ჭურჭელი 
და ასხია ჩემში პოეზია ღმერთის სისხლივით...
საწნახელი ვარ და ვარსკვლავთა მტევნებსა ვწურავ,
მერე კი მინდა, რომ ეს ღვინო ფურცლებს შევასვა.
ფურცელი თვითონ გადააწვდის მკითხველს ალავერდს
და იმოძრავებს პოეზია კაცში თუ ქალში,
ერთი გულიდან სხვადასხვა ძარღვში.
მე ვიყურები დაწითლებულ, ამაყ თვალებით,
მოდის ტკივილი დამთრგუნველი ლეგენდასავით
მე თავს ვპირდები, რომ არასოდეს არ დავიღლები, 
რომ არასოდეს მოვიხრები მხრებში ოდნავაც, რომ არასოდეს მოვიღუნები,
მე შეიძლება მხოლოდ გავტყდე ბუდას პატარა სტატუეტივით.
ამაშუკელი ასე ამბობს: ,,ადამიანი მაინც მარტოა,,
ხოლო როგორც ამბობს დოჩანაშვილი: ,,თუ შენსავით ბევრი ადამიანი ფიქრობს,
ესეგი მაშინ მარტო არა ხარ ,,...
ეს ორი აზრი ეჯახება ერთმანეთს ისევ და თვალებს ბლანდავს დაბნეულობა...
ტვინს წაესევა ეჭვის მატლები...
ხოლო იმედი მაინც ვარდება გულიდან დაბლა, როგორც ცხენიდან...
თენდება...
და თოთო ბავშვის ბაგეებივით რძის სუნი ასდის ალუჩის ყვავილს.
მე მეფიქრება;
ნეტა როგორია ახლა იქ ჩემი სოფელი,
მინდა ახლა იქ ვიყო და ბებოს საფლავზე დაცემულ ფოთოლს თითებით ვეხებოდე.
მე ვდგავარ, რადგან დღეს აღარსად აღარ მივდივარ,
დამდგარ წყალს ვგავარ და მასშივე ავირეკლები
და ამიტომაც
ჩემში მრავლდებიან არისტოფანეს ,,ბაყაყების,, მსგავსი არსებები
და ახლა მე რომ მინდა გაქცევა, ეს სიკვდილია და ნევროზია, 
ბედნიერების ყვავილისათვის არასოდეს არ დამიყნოსია,
მაგრამ ყოველთვის მზად ვიყავი ტკივილისათვის.
მითხარი რა ვქნა, რა გზას დავადგე.
მითხარი, მოკვდიო და მოვკვდები,
მითხარი, გამომყევიო და გამოგყვები, 
გთხოვ შენ მაჩვენე მიმართულება საით წავიდე,
შენ მითხარი საით ვიარო.
იქნებ, საჭიროც არაა, რომ სადმე წავიდე,
იქნებ, აგორებულ ქვას ხავსმოდებული ქვა სჯობია,
რადგან მასშია მდუმარება, რომელიც მოჰგავს შავ სიმშვიდეს, თანაც საოცრად.
მტკივა: სხეულიც, სულიც და სამშვინველიც,
და ფიქრები -მაშინდელი, გუდასავით რომ მოვიკიდე გაშოლტილ მხრებზე.
მე ვარ თეატრი ესქილემდე,
მარტო ვდგავარ სცენაზე და სახეზე ხან აგამემნონის ნიღაბს ვიფარებ,
ხან- აქილევსის,
ხან - ჰექტორის, 
ხან- აიეტის.
მოვეშვი ლოცვებს, გადავეშვი ბებერ მითებში,
ეს ჰგავდა იმას, რომ თითქოს,
არესის შუბმა გაუკაწრა ქრისტეს ღვთიური კანი
და ბოლოს ამ ყველაფრის მიუხედავად,
არ დამიღონდე, ჩემო პატარავ,
რადგან გპირდები:
მე მაინც მოვკლავ ლუციფერს და ეშმაკის რქიდან შევსვამ პოეზიის წმინდა ღვინოს
ბედნიერების ცისფერ ნადიმზე,
რადგანაც ლექსით აღვსილი აქტიურობით
მე ცისფერ ფერზე მიმანიშნა პოეზიამ ნოვალისივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი