ტრიოლეტები


1
მეფერებიან ქაოსები საუკუნეთა
და ყველა საზომს სცდება ახლა დარდის დუღილი,
ჩემი თვალები შენი თმებით დაუკუნეთდა,
მეფერებიან ქაოსები საუკუნეთა,
ვმეგობრობ მხოლოდ მეცხრე ცაში მქროლავ სულებთან,
მათ ვხედავ, როცა ელვა არის, ან და ქუხილი...
მეფერებიან ქაოსები საუკუნეთა
და ყველა საზომს სცდება ახლა დარდის დუღილი,
2
ტკივილი ტანკს ჰგავს, რამაც ახლა უნდა გამთელოს
და მუხლუხებზე შერჩეს ჩემი ხორცის ნაფლეთი,
სულის ნამტვრევებს მუჭით ვაყრი ჩემს საქართველოს,
ტკივილი ტანკს ჰგავს, რამაც ახლა უნდა გამთელოს.
ჩემს მხრებთან ახლოს კვლავ მომღერალს ვამჩნევ ანგელოზს,
ჩემო სიკვდილო, აღარც მახსოვს როდის დაგნებდი,
ტკივილი ტანკს ჰგავს, რამაც ახლა უნდა გამთელოს
და მუხლუხებზე შერჩეს ჩემი ხორცის ნაფლეთი.
3
მე დამესვარა რითმისფერი სისხლით ტუჩები,
ალიგიერით ჯოჯოხეთის ძაბრში ჩავვარდი,
მკვდარი გულები ყრიან, როგორც ხინკლის კუჭები,
მე დამესვარა რითმისფერი სისხლით ტუჩები.
და გადავტეხე: კალმის ტარიც, ძველი ფუნჯებიც..
სიჩუმის ჭიპში ჩავიღვარე თავისთავადი...
მე დამესვარა რითმისფერი სისხლით ტუჩები,
ალიგიერით ჯოჯოხეთის ძაბრში ჩავვარდი..
4
მე კაჭარავას ვკითხულობდი გვიან ღამემდე,
ხოლო შენ ჭიპში ჩაგივარდა მთვარის ნატეხი,
გაგეღვიძა და თეთრი ყელით მხარზე დამენდე,
მე კაჭარავს ვკითხულობდი გვიან ღამემდე.
შენ ხარ კომეტა ცეცხლლივლივა, არ მსურს განელდე,
ვიგრძენი, სულში უკვდავების ძეგლად დადექი....
მე კაჭარავას ვკითხულობდი გვიან ღამემდე,
ხოლო შენს ჭიპში ელვარებდა მთვარის ნატეხი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი