მე ამატირა მიწამ ნანახმა
მე ამატირა მიწამ ნანახმა, წვიმის წვეთები მომხვდა ისრებად, შენმა თვალებმა ღამე დანაღმა და ძილს გაუსკდა ხელში სიზმრებად. დავჯდები ზოგჯერ ღვინოს დავისხამ, გულია მაშინ ფიქრის ხალიჩა და შენი თმები არის შავი ზღვა, რომელშიც მინდა თავი დავიხრჩო. შევსვი ტკივილის შავი ყანწები, ვერ დავიმსხვრიე მძიმე ხუნდები, გთხოვ მომაკითხე ,როცა დავწვები ან და კედლისკენ გადავბრუნდები დღეს მოვიგონე ის, ვინც გალოთდა, ვინც წერდა ლექსებს, ბედმაც შელახა და თვითმკვლელობით ვინც მკურნალობდა , რომ სამიწეთი აღარ ენახა. ვინც დადნა, მოკვდა რითმის ძებნაში და ლექსად იშვა ისევ ხელახლა. მე ვარ- კაენი, მე ვარ -აბელი, ვერ ვუვლი თავს და არა მცალია... ჩემთან მოვიდა წეღან კარმელი და ღვინის ნაცვლად თხის რძე დალია. წითელ ტუჩებზე სდიოდა სისხლი, უეცრად გაქრა... ვდიე, ვეცადე... ვერ დავეწიე... მოვიდა წვიმა, წვიმის წვეთები ფანჯრებს ლეწავდნენ. დგას მამალივით სიბნელეც ყივის, შენ არ იღელვო ცრემლმა დამლია, შეჩვეული ვარ იმდენად ტკივილს, რომ უტკივილოდ რაღაც მაკლია.... გათენდება და ზეცას ავხედავ, მე - სიბრძნის წიგნი მძიმე შესავლით.. ღრუბელი მოჰგავს ახლა სახედარს მზე რომ შემჯდარა ზედ ქრისტესავით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი