მიკროსკოპის ქვეშ


თავსხმა წვიმის დროს ფიქრებს მივქონდი
და პოეზია მწვავდა ცეცხლივით,
ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში 
პატარა იყო პეპლის კვერცხივით
და აქლემივით დიდი ეკლებით 
ყელს კი არა და სულს ვიკაწრავდი.
რძისფერ თითებით მოგქონდა ფუნჯი,
სულის ტილოზე მზეს მიხატავდი...
ვიყავი ჯვარი, ვლეწე არმაზი,
კალამი ერთ დროს ჭრიდა ცულივით,
შენი თვალებიც ლამაზი იყო,
ლამაზი ნაღდი სიყვარულივით.
მოვშორდი ყველას, თქმაც კი არ უნდა
და დარდის წნევამ გული გახეთქა,
მივხვდი რას გრძნობდა მაშინ ალუდა,
როცა ზურგს უკან თეთრ მთებს გახედა.
მე ერთ დროს თავი ღმერთიც მეგონა
და როცა მოვკვდი მივხვდი მე გვიან,
მივხვდი ღმერთები არა კვდებიან,
ან თუ კვდებიან -მკვდრეთით დგებიან
დაუსრულებელ გზებს მიყვებიან.
ვწერ... ვმთლიანდები ყველა ნაწილით,
მოვა დაისის ბინდი და დაღლა,
მზე ჩავარდება ზღვაში კაცივით,
სხივი ხელივით დარჩება მაღლა..
მსურს ის ხე ვიყო ქარით ნატანჯი,
ან სულ არ ვიყო, თუნდაც ცოტა ხნით...
ვაჟა-ფშაველას დავსილ თვალივით
ამოღამდება ჩემი ოთახი.
ყოველი ღამე ფიქრის ელდაა,
ასეც დარჩება მარადის აწდა.. 
ეს დედამიწა იქნებ სევდაა,
ან ღმერთს პირიდან სისხლივით წასკდა...
ვწევარ გიგანტურ მიკროსკოპის ქვეშ
და პოეზია კანს მწვავს ცეცხლივით,
ვწევარ გიგანტურ მიკროსკოპის ქვეშ,
ვჩანვარ პატარა პეპლის კვერცხივით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი