სიჩუმის ყვავილი


ტუჩებით ვაგნებ შენი მხრებიდან
რომ არის ყელთან გზა გასაყარი,
გკოცნი მუცელზე შენი ჭიპიდან
რომ კვლავ აყვავდეს იასამანი.
მე შეიძლება ისეთი ტყე ვარ,
რომელიც ფესვებს ღრუბლებში იდგამს,
რადგან მიწაზე ქუსლები მტკივა 
და აღარ მტოვებს ტკივილი დიდხანს.
ეჭვის ტოტისგან გავთალე სტვირი 
და აღარ ვიცი, დატოვებს ვინ ვის....
ფიქრის კრეტაზე ზევსივით ვტირი
და მეშინია კრონოსის ხილვის.
სისხლის მდინარეს ქაოსი ფარავს,
მაინც ვუღიმი: 
პეპლებს, მდელოებს...
ვათენებ ღამეს, ვიხსენებ: გალას 
და გოგლაურას სადღეგრძელოებს.
საფეხურია დარდი მამონტის,
როცა სიჩუმეს მახებ კერტივით,
ფრთა მოტეხილი მზიდან გამოდის,
შენი იმედი კოჭლი ღმერთივით.
მაინც ნისლია ფიქრში და გზებზე,
ნისლია ისე, თითქოს, ცხრა პირად
ნესტანმა შავი თმები მოიჭრა 
და დედამიწას შემოაფინა.
ნეტა ვიცოდეთ წინ რა მოგველის,
ვდუმვართ და მაინც იმედი ბზინავს..
შენა ხარ მსგავსი ვეფხვის ბოკვერის
მე- ხის ტოტი ვარ, 
რომელზეც გძინავს.
წვიმა იმ შველის გულივით ფეთქავს,
რომელსაც ლომის კბილი ეხება.
ჟრუანტელივით სხეულში შედგა
ღრუბლის სიშავე, ცა რომ შეღება.
სიჩუმის ყვავილს შენს კანზე პენტავს,
ნეტავ რომელი შესრულდა დილის....
და სანამ ლოყით ვეხები შენს თმას,
წვიმა ბლის ხესთან კაცივით ტირის.
მოდი, ჩიტივით შემოეფარე
ჩემი მკლავების მეჩხერ კორომში,
მამაჩემივით ქვითინებს წვიმა
იქ, ჩემს თელავში, ეზოს ბოლოში
და გადალუმპულ ქარებს მოდენის,
იყავი ჩემთან მზეობს აქ უფრო,
გატეხილ შუბლის ძვლებში გამოჩნდა
ტვინი, 
რომელიც შიშით დავქუფრე.
მთელი სამყარო სისხლის გუბეა,
მთელი სამყარო -
ბნელის ნაწილი...
სიცოცხლე არის ჭა გიგანტური,
რომელშიც სხვისი ნებით ჩავცვივდით...
და საიდანაც უაზროდ ვყვირით,
ეს ღრმა ჭაობიც ჩვენ მოგვცეს ქირით.
ამიტომ გახდა გულიც მაღარო,
რომელიც ფიქრის უდაბნოს გვფენდა,
ჯანდაბას ყველა: 
ღმერთიც, სამყაროც,
თუ კი, შენ ერთი ყვავილობ ჩემთან.
შენი მკლავები ჰგავს დავიწყებას,
ნუ იხედები ამ სარკის ხედში...
მე და შენ მხოლოდ ავირეკლებით,
ამ ჩვენს თვალებში და წვიმის წვეთში...

იმ წვიმის წვეთში, მამა რომ ტირის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი