მეტაფორული რუკა


ჩემი თვალები - საიქიოს მეტაფორული რუკა.
ცხელ საფეთქელში ლექსი დავიხალე.
მრავალ ჭირნახული ოდისევსივით ყველაფერი ვნახე:
პრეტორიაში ალმასებს ვთხრიდი, ცეილონზე ზღვის ძირში მარგალიტებს ვკრეფდი, 
ლომებზე ვნადირობდი და აფრიკის ცხელი ქარი მიწვავდა შიგანს,
მაგრამ ყველგან დამდევდა შენი ხსოვნა,
შენი ტანი -კვიპარისოვანი,
შენი ტანი- თხელძვალა და მაღალკისერა.
ერთხელ ისე მოვიწყინე, 
რომ საერთოდ არ გამკვირვებია ,როცა ჩემს თავზე
მოწყენის ღრუბლები დაემსგავსნენ 
წმინდა ვიტუსის ტაძრის ურჩხულებს.
ასეც იყო,
ერთხელ ისე მოვიწყინე ,ისე ძალიან... 
ღმერთს ვკითხე:
,,ღმერთო, რატომ ბადებ რობერტ ოპენჰაიმერისნაირ ადამიანებს?,,
- იმიტომ შვილო ,რომ ყველაფერს აქვს დასასრული ,,.
ერთხელ მტევანივით გასრესილი მთვარის ღვინით დავთვერი და მომეჩვენა,
თითქოს, კვაჭი ვიყავი, 
ჩემ წინ იჯდა სტამბულელი თურქის ქალი,
ავხორცი და დაჯღანული,
მოკლე და სქელ თითებზე უხვად ეყარა ამეთვისტონი.
მე კი, ვიჯექი თავდახრილი და ისევ ვერ ვახერხებდი საკუთარი შეცდომები შემენანა.
ვიჯექი სასოწარკვეთილი სული და
მხოლოდ ის მინდოდა,
იმ ამძუვნებულ დარბაზშივე თავი მომეკლა.
ხალხო, ზოგჯერ რა ტკბილია ქაოსური წიგნის ბოლოს წერტილის დასმა.
ის,
სწორედ ის ერთი წერტილია ყველაზე ტკბილი...
სამყარო გაიხრწნა რასპუტინივით, 
ხალხი?
ხალხი ცუდად თამაშობს თავის წმინდანობას.
ვერც განზრახ ჩადენილი ცოდვები განგწმენდს ადამიანს !
აქსიომური ჭეშმარიტება მხოლოდ ისაა, 
რომ
ბოროტება ისევ დაჰქრის პეგასით- ფრთოსანი რაშით,
როცა სიკეთე დადის სამფეხა ცხენით,
ამიტომ ყველგან იგვიანებს სიკეთე, 
ასეც განსაჯეთ, 
ზოგ ადგილამდე  საერთოდ ვერ აღწევს.
ამიტომ მოვიწყინე, ამიტომ გადამექცა თვალები წვიმების სეზონად,
ჩემი თვალები -უძილობით ჩაწითლებულ-ჩასისხლიანებული.
ჩემი თვალები- საიქიოს მეტაფორული რუკა.
ცხელ საფეთქელში ლექსი დავიხალე
და გავხდი -რითმებისფერი მოკვდინება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი