ცრემლებისთვის დაბადებულებს...
ვუსმენ ბილი გრემის გამოსვლას და ვფიქრობ ღმერთზე... თან ისეთ ტკივილს ვუძლებ, რომელსაც ქვები და კლდეებიც ვერ უძლებენ. გამხმარი მზესუმზირებივით მოიხარნენ მხრები.. ენას კლიტე ადევს. მხოლოდ თვალები ყვირიან... აგვიშენეს დედამიწა, როგორც ლაბორატორიული სივრცე და მეტი არაფერი.. ფოთლებს ჩავუსახლდი სუსხიანი ცივი ქარივით, თუ ფოთლები აქეთ ჩამისახლდნენ სულში, არ ვიცი.. ნეფილიმები მოედებიან ამ ღამითაც მთლიან პლანეტას და ადამიანთა კივილი დაფოთლავს სიბნელეს.. ვკითხულობ მთვარეს ენოქის წიგნივით... მთვარეც კი, მხოლოდ თხელი ნაჭუჭია , რომლის შიგნით ზის პოეზიის მძვინვარე მხეცი. მინდა აელვარდეს აისის მზე, როგორც ზევსის თავიდან ამოფრენილი ათენა და ჩემს ოთახში გამომეცხადოს მთელი თავისი დიდებულებით. მძიმედ მახსოვს, (ზუსტად ისევე ,როგორ მძიმედაც ვსუნთქავ) ერთხელ რომელიღაც ფილმში ვუყურე არმაგედონის სცენას, თუ როგორ აფეთქდა და მარადიულ სულში გაიმქვრა ირგვლივ ყოველი. მაშინ გავიაზრე, ჩემს სულსაც რომ ეს დაემართა... წეღან .. რადგან ნესტოების ძლიერი წვა ვიგრძენი, თვალებზე ავიფარე ხელები მკვდარი ფოთლებივით, მაგრამ ცრემლები მანამდე მოვკალი, სანამ დაიბადებოდნენ. არ ვგავარ ასეთ დაუბადებელ ცრემლებს. მე დაბადებული ცრემლი ვარ სამყაროს წითელი თვალიდან. ვატერლოოს ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის ჩონჩხი ვარ, რომელიც ორასი წელი მიწაშივე ოხრავდა, სანამ რომელიღაც ფრანგმა არქეოლოგმა არ ამოთხარა... მუხლებიდან გადახტა სიმშვიდე და ავკანკალდი. ღამე დნება, როგორც შავი თოვლი... მე კი ვზივარ... მაგრამ კი არ ვტირივარ , რქიანი ხვლიკივით სისხლს ვისვრი თვალიდან. ელიფსის ფორმა აქვს მთვარეს, რომელზეც ახლა მეტეორი ჩამოვარდა და მთვარის ზედაპირზე დატოვა კრატერი, ზუსტად ასე გამოიყურება ჩემს გულზე დარდის დაღი... მკვდარი ვარსკვლავების მიღმა მოჩანს კოსმიური ტორნადოს ხორთუმი მე ვხტები და ვიკარგები მასში... მომიტევეთ, ნუ წაიკითხავთ ჩემს ლექსებს!!! ვინაიდან მძიმე ლექსები გვაქვს ჩვენ , ცრემლებისთვის დაბადებულებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი