საკუთარი თავის გარეშე


სიცოცხლეც ჩქეფდა, სიკვდილიც ჩქეფდა ,
მაგრამ არცერთი არ იყო ჩემთან,
მიწაში მდებდა, სიზმრებში მრევდა,
ცრემლიანს ყვავის ნისკარტზე მფენდა..
შენ შორს იყავი სხვა კონტინენტზე, მე აღგიქვამდი უცხო მიწებად,
ჩემს ჯოჯოხეთში წარმოთქმულ ლოცვას ძალა არა აქვს, ცეცხლში იწვება.
მე რელიგიებს ჩამოვეხსენი: მონოთეისტურ, პოლითეისტურ...
და საკუთარი თავის გარეშე გადაცრემლილი დავრჩი დღეისთვის.
ზეცას ვუყურებ ზეცის განედებს,
თვალები ხარბად ყლაპავს პლანეტებს.
ვიღაც ამბობს, რომ კაცი არა ვარ
და ზოგიერთიც უფრო ამეტებს.
ჩემი ლექსებით გეალერსები,
ჩემი მკლავები არის რელსები,
რომლითაც მოხვალ გარიჟრაჟამდე,
სისხლს შეერევი და შეევსები.
ვფიქრობ და ცრემლი მილიარდდება 
და როგორც სისხლში შეჭრილ ანთებას
ვუყურებ, როგორც საკუთარ ყოფას 
და სევდა მაინც არ მიამდება.
სიცოცხლე დათვრა სისხლით და ცრემლით,
მუმლით ნაჭამი სიცოცხლის მუხა
საიქიოში რომ დალასლასებს,
იმ ნისლისფერი გახდა და ვწუხვარ..
თუთით ნაღები შენი ტუჩები,
შენი ბავშვობა თეთრი კრავებით,
შენ მოგენატრა სისხლის დუღილით
ფიქრ-ლაბირინთში როცა გავებით
და წამწამებზე დაგეყრდნო ზეცა 
ღრუბლებისფერი თეთრი მკლავებით.
სულის კედელზე დაკიდებული
ღმერთის სურათი შავი არშიით...
და ჩემს ფანჯრებთან საღამოსფერი
მოწყენა გალობს შავი შაშვივით.
ახლა მე შორს ვარ, ღამდება ისევ
და ხმა ქარისა უფრო ბოხია.
მამის საფლავზე ამოსულ ნაძვებს მსურს ძმაკაცივით ხელი მოვხვიო.
სულ ყველაფერი აჩრდილად იქცა,
მასთან -გულიც და თავს ვერ დაიძვრენს.
ლექსი ბავშვივით ფეხს იდგამს ტვინში
და უკან მივდევ რომ არ წაიქცეს.
სიცოცხლეც ჩქეფდა სიკვდილიც ჩქეფდა ,
მაგრამ არცერთი არ იყო ჩემთან,
აქ, ჩვენს თბილისში, ყელგამოჭრილი
გატყავებული პანი აგდია
და მტკვრის ნაპირას კაცი რომ დარდობს,
იმ კაცის გული უფრო ნაღდია,
ვიდრე გაბღენძილ მებატონისა...
შენი თვალები არის პოემა...
არ გამიბრაზდე თუ კი გაგიმხელ,
საკუთარ თავის მეკუბოვე ვარ...
მთვარე დამეცა უგვან ბერწივით,
დავღალე გული მისი ხსენებით,
ჩემი თავიდან გადახვეწილი
შენს თმებში მზისებრ ჩავესვენები.
ხო, მზე ვარ თითქოს და ვკვდები ნელა,
ჩემს ტანს კაწრავენ ბნელი ქარები ,
არც არაფერი მომყვება ჯავრად,
,,არც გახელილი მრჩება თვალები,,
მე მინდა ჩუმად შევერწყა ღამეს,
არც ქრისტე მინდა და არც იუდა.
სტიქსის ნაპირზე შევხდები კარმელს
და ჩემი ლექსის კრებულს მივუტან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი