მომავალ ცხოვრებაში


მიყვარხარ თუ არა ?
მომავალ ცხოვრებაში გეტყვი, მაშინ როცა ორივე ჩიტები ვიქნებით...
სულ მარტო ვზივარ წაქცეულ ხეზე და
ჩემი მზერა ვარსკვლავთშორის ღრუბლებს ეჯახება . 
ვხედავ მთვარეს , როგორც მთავარ კოლიზიას,
როგორც სარკმელს,
რომელზეც შეგიძლია ახვიდე და გადახტე კიდეც..
მაგრამ ტვინში ისევ აკაციასავით გაიყვავილებს 
ნებელობის შებოჭვა
და თავისუფლებისკენ სწრაფვას დაკლავს ჩემს ფეხებთან...
ფეხსაცმელები მისი სისხლით შემეღებება..
უცებ,
ჩემი მხრების გუმბათებზე ჩამოსხდებიან ტკივილიანი სულები,
ჩემი ტკივილი წააგავს სარგასოს ზღვას უნაპიროს...
არა გოლფსტრიმის დინებით,
არამედ უფრო ფიქრის დინებით შემოსაზღვრულს. 
თითქოს,
ჩემი სულის ვულკანური ქანებიდან სიმარტოვის ძეგლებს ვაკეთებ..
მე ვარ მარტო მჯდარი წაქცეულ ხეზე,  
შენ კი, შეიძლება უცდი სასწაულების მოსვლას.
თითქოს, ფიქრი არის გიგანტური ყინული,
მე კი, მის ქვეშ გაქვავებული რომელიღაც პრეისტორიული მხეცი ვარ,
ნეტავ შემეძლოს ყინული გავტეხო 
და ჩემი ღრიალი მთვარეს შევახალო სისხლიან ხახაში!
მაგრამ 
მე უბრალოდ მარტო ვზივარ წაქცეულ ხეზე
და ვხვდები, შეიძლება კაციც ჰგავდეს :
თმებით, 
მკერდით, 
მკლავებით, 
თითებით,
თვალებით
თავისსავე ცრემლს...
მიყვარხარ თუ არა ?
მომავალ ცხოვრებაში გეტყვი, მაშინ როცა ორივე ჩიტები ვიქნებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი