ნათება სახელად -რა..
შენში ანთია მზე, როგორც დედამიწის სიღრმეში ნათება სახელად -რა.. იწვება შენი სხეული და სულიდან ამოყრილი ფოთლებით ივსება შენი ეზო, ეზო, რომლის მეეზოვეც თავად ხარ. ეს მაშინ ხდება, როცა შემოდგომა ხარ და მაინც იღიმი.. მაგრამ შენ გაქვს ხის უნარი, რომელსაც ცვივა ფოთლები და შემდეგ მაინც ჰყოფნის ძალა ხელახლა შეფოთვლისა და აყვავების. შენი წარსულის სარკოფაგებიდან წამომდგარ აჩრდილებს კარი მიუხურე, რადგან მათი ტკივილის სინათლეს შენთვის თვალი აღარ მოეჭრა. შენ გადიხარ გარეთ, რადგან გაექცე ჭლექიან დაისებს, მაგრამ ყოველთვის, როცა სახლში ბრუნდები გადაიქცევი ზღვად და მაშინ შენში შემოცურდება მოწყენა დიდი თევზივით, რომელიც ამ ზღვის ბნელი ჯურღმულებიდან ამოცურებულა... ის გიქცევს თავის საცეცებში. შენ წვები მარტო და ძილმცენარეებს იხვევ ტანზე. სიზმრები ეცემიან შენი სულის მთვარეზე და ტოვებენ კრატერებს: ზოგს მშობლის სახის ფორმა აქვს, ზოგს შორეული სიყვარულის ზოგს რისი და ზოგს კიდევ რისი... გავა ღამე და შენს ფანჯარასთან მოფრინდება ვარდისფერთითება ეოსი. შენ დაბრუნდები ცხადში, ან ცხადიდან ისევ სიზმარში.. და წამწამებიდან ბოლო სიზმარი ჩამოგვარდება მუხლებზე.. სარკესთან მოწყენილი ივარცხნი თმებს და გადიხარ ქუჩაში და ამ დროს შენი შეგრძნებები არის ამბივალენტური, შენ ჯოჯოხეთის ცეცხლი გიწვავს ფეხის გულებს, მაგრამ თვალები მიგირბის ლაჟვარდებისკენ შენი თვალები როცა ღრუბლებს სვამენ, შენ მაშინ ცას ემსგავსები და გრძნობ თავისუფლებას... მიდიხარ მარტო და შენივე ნაბიჯების ხმა გესმის. იქვე ქუჩის კუთხეში წვიმა ტირის და შორიდან მზე იღიმება სევდიანად. ქუჩაში გადაჭრილ ხეს ეხება ფოთოლი და ხე ტირის... მაგრამ მე ვიცი , რომ შენში ანთია მზე, როგორც დედამიწის სიღრმეში ნათება სახელად -რა.. ამიტომ ვერ მოგერევა ვერასოდეს ღამეების მტევნებიდან გამოწურული სიცივე..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი