შავი მარმარილო


იქ ,სადაც არის თვალთა ქარვასლა,
აქლემებივით დგანან სიზმრები
და იცოხნიან მძიმე ჟამთა სვლას,
რომლებსაც მალე შევეხიზნები..
სიზმარი -მთვარის ფერმკრთალი ქალა...
ტკივილებისთვის კოპიტად იყოს,
ზევსის ელვისგან გამოვთლი კალამს
და მთვარის ქერქზე წავაწერ სტრიქონს
აქ გატეხილი მზე ტირის, სულში,
რომელიც მოკლულ მეფეს წააგავს,
სოფელში ყოფნას ვნატრობდი გუშინ,
დღეს გამეღვიძა სულ სხვა ალაგას.
დროს ყველაფერი წარსულში მიყავს
და მეუფლება ტკივილი მკვეთრი,
მსურს შენი კანი, რომელიც მიყვარს,
გაფცქვნილი ნუშის გულივით თეთრი.
სისხლია ყველგან, ხოცვა და რბევა,
მეც დამიგლიჯეს ტანი მხეცებმა,
მსურს სიკვდილი და გულაღმა ვწევარ
და ტვინზე ფიქრის სეტყვა ეცემა..
სიჩუმე ქარმა მხართან აცელა,
არც ცხონება მსურს და არც -ალილო,
ვწვები მიწაზე და უწარწეროს
ზედ ვიდებ ღამის შავ მარმარილოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი