უფსკრული ოთახში


სიმარტოვესაც სუნი აქვს , თანაც ისეთი მძაფრი, რომ ნესტოებს მიწვავს,
თითქოს, ტვინის კაპილარებიდან სისხლი მოჟონავს,
თითქოს, შუბლის ძვალიც დამილპა შიგნიდან ,
რატომ არ გიყვარს ,როცა ტკივილიან ლექსებს ვწერ ? რატომ ?
ალბათ, იმიტომ რომ არ ინტერესდები რას ვგრძნობ.
იქნებ, სწორედ ამიტომ მთხოვ სიყალბეს,
იქნებ ,სწორედ ამიტომ მთხოვ, რომ არ ვიყო ჩემი გრძნობების მხატვარი.
მაინც რომელი სახეობის ურჩხული ვარ ვერ გავიგე, 
იქნება იმ სახეობის,
რომელსაც ყველა გაექცა და საკუთარი თავის მონელება დაიწყო.
არც კი ვიცოდი, თუ შესაძლებელი იყო, 
რომ ჩემს პატარა ოთახში ამოდენა უფსკრულს დაეღო პირი ,
ვზივარ ჩემს საწოლზე და ამ გიგანტურ უფსკრულს ჩავყურებ, 
რომელიც იმხელაა ,რომ შიგ სამყაროც კი ჩაეტევა.
ვზივარ ამ უფსკრულის წინ და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ წასვლა მინდა ,
მაგრამ 
წასვლა განა ამ სახლიდან,
ან ამ ოთახიდან, 
ან ამ ქალაქიდან ,
ან ამ ქვეყნიდან, 
არამედ - დაღლილი ხორციდან.
პოეზიის ცელზე გავიჭერი სული და იქიდან ამოხეთქილმა ლექსებმა ვარსკვლავებს აკოცეს ტერფებზე...
არც ვიცი რატომ
თიკო თუმანიშვილის ქვითინში გადამტყდარი ყელი მომაგონდა...
ნამდვილად გავგიჟდი ისეთი სურვილები მერევა ბოლო დროს უხასიეთობის ჟამს:
მინდა ედგარივით მკვდარი ვეგდო ქუჩაში და უსიცოცხლო, მკვდარ თვალებზე ანაბელ ლის მონატრება მქონდეს შეყინული .
მთვარე კვერცხივით გავტეხე და იქიდან კოშმარები გამოფრინდნენ ურჩხულებივით .
წყნარ ოკეანეზე უფრო დიდი ოკეანეც არსებობს -გიჟი ტკივილი.
მე თითქოს, გავფერმკრთალდი, როგორც ფურცელზე მიხატული მზე .
ნეტავ სად არის ის ლექსი, მე რომ პირველად დაგიწერე და  გახარებულმა მოგირბენინე ,
რომელმა ქარმა წაიღო სხვა სამყაროში?!
როგორ მენატრება იმ შაშვების გალობა ჩემს დიდ ეზოში რომ ვიჯექი ხოლმე და ყურადღებით ვისმენდი ...
დაკლულ ღმერთს ვწირავთ დაკლულ კურატებს,
სწორედ ამიტომ არ აქვს არაფერს აზრი, რადგან ღმერთიც დავკალით
იმ კურატებთან ერთად!
საკუთარ თავს ვლეწავ არმაზივით რადგან ყალბი ვარ.

თვალებიც გაირინდა ,
ცრემლიც გაირინდა ,
სამყაროც გაირინდა 
და ჩემი გადარჩენის ბოლო აჩრდილიც გაფრინდა აივნიდან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი